საქართველოს მთავრობის დადგენილებით, 20 ივნისიდან სატრანზიტო ტრაილერებისთვის გზათსარგებლობის მოსაკრებელი ძვირდება. კერძოდ, დღეს მოქმედი 200-ლარიანი საფასური, 350 ლარამდე იზრდება.
ცვლილების მიზეზის გასარკვევად “ბიზნეს ფორმულა” ფინანსთა სამინისტროს დაუკავშირდა. უწყების განმარტებით, გადაწყვეტილება სხვა ფაქტორებთან ერთად, იმან განაპირობა, რომ საქართველოში გზათსარგებლობის საფასური 12 წელია არ შეცვლილა.
„გზათსარგებლობის საფასური ტრანზიტული ტვირთებისთვის შემოღებულია 2010 წლის 1 აგვისტოდან და დღემდე ქვეყანაში სწორედ 2010 წლის მდგომარეობით განსაზღვრული ოდენობა (200 ლარი) მოქმედებს.
ბოლო წლებში საქართველომ საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერით და საბიუჯეტო სახსრებით მნიშვნელოვანი თანხები (5 მილიარდ ლარზე მეტი) მიმართა ქვეყანაში საერთაშორისო სტანდარტებით საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობაზე და დღეს ამ ინფრასტრუქტურას აქტიურად იყენებენ საერთაშორისო გადამზიდავები.
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ქვეყნის საგზაო ინფრასტრუქტურა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, საჭიროებს მოვლა-შენახვას, რისთვისაც აუცილებელია შესაბამისი ფინანსური რესურსები“, – აცხადებენ ფინანსთა სამინისტროში.