2023 წლის 1-ლი სექტემბრიდან, სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპის საკვალიფიკაციო მოთხოვნებს, სატრანსპორტო საშუალების ტექნიკურ გამართულობასთან დაკავშირებული კითხვები ემატება.კითხვები დამტკიცებულია შინაგან საქმეთა მინისტრის N598 ბრძანებით.
„B“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები გამოცდისთვის განსაზღვრულია 20 კითხვა, საიდანაც მძღოლობის კანდიდატს 2 დავალება მიეცემა. გამოსაცდელს კითხვებზე პასუხის გაცემა ვიზუალურად ჩვენებით, ან ზეპირად/თავისუფალი თხრობით გადმოცემით შეეძლება. იმ შემთხვევაში, თუ მძღოლობის კანდიდატი გამომცდელის მიერ მიცემულ დავალებას ვერ შეასრულებს, მსუბუქ შეცდომად ჩაეთვლება.
1-ელი სექტემბრიდან, მართვის უფლების მისაღები გამოცდის პრაქტიკული ნაწილი ორეტაპიანი “C” და “D” კატეგორიების და “C1” და “D1” ქვეკატეგორიების სატრანსპორტო საშუალებებისთვის გახდება.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას აგრძელებს და „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონში განხორციელებული ცვლილებების შესაბამისად, 1-ლი სექტემბრიდან “C” და “D” კატეგორიების და “C1” და “D1” ქვეკატეგორიების სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები გამოცდის პრაქტიკული ნაწილი ორეტაპიანი ხდება. ცვლილებების მიხედვით, პრაქტიკული გამოცდის პირველი ეტაპის (მოედანი) წარმატებით ჩაბარების შემდეგ, მძღოლობის კანდიდატი გადაინაცვლებს მეორე ეტაპზე, რაც რეალურ საგზაო მოძრაობის პირობებში გამოცდის ჩაბარებას გულისხმობს,“ – აცხადებენ მომსახურების სააგენტოში.