1-ლი ნოემბრიდან კონკურენციის სააგენტო მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ კანონის აღსრულებას იწყებს.
აღნიშნული კანონი ძალაში შევიდა 1-ლი ივნისიდან, თუმცა, უკვე დღეიდან, პირველი ნოემბრიდან, სააგენტოს განცხადებით შეუძლია მიმართოს ნებისმიერმა ფიზიკურმა პირმა. სააგენტო საკითხს შეისწავლის სავარაუდო დარღვევის ისეთ ფაქტებზე, რომელმაც გამოიწვია ან შესაძლოა გამოიწვიოს მომხმარებელთა ჯგუფის ინტერესების დარღვევა.
კანონის შესაბამისად, მოვაჭრე ვალდებულია მომხმარებელს მიაწოდოს სრული და უტყუარი ინფორმაცია – პროდუქტის სახეობაზე, მახასიათებლებზე, ვარგისიანობაზე და ა.შ. ასევე, უზრუნველყოს საქონელზე ან მომსახურებაზე გასაყიდი და ერთეული ფასის მკაფიო, გასაგები ფორმით მითითება. მომხმარებლის უფლებაა, საჭიროების შემთხვევაში, მოითხოვოს საქონლის შეკეთება ან შეცვლა, იმ შემთხვევაში თუ ეს არათანაზომიერ ან შეუსაბამოდ დიდ ხარჯს არ მოითხოვს.
კანონის მოქმედების ფარგლებში ონლაინ ვაჭრობის შემთხვევაში მაღაზია ვალდებული იქნება გაყიდული პროდუქცია 14 დღის ვადაში უპირობოდ დაიბრუნოს. რაც შეეხება დარღვევაზე რეაგირების მექანიზმს, იმ შემთხვევაში, თუ ბიზნესს დაუდგინდება დარღვევა, პროცესი 2 ეტაპიანია. პირველი ეტაპი არის გაფრთხილება, როცა პრობლემა უნდა აღმოფხვრას მოვაჭრემ, თუ ეს არ მოხდა ამის შემდეგ შემოდის სოლიდური საჯარიმო სანქცია, ბრუნვის 2%.