კომპანია „კახური ტრადიციული მეღვინეობა“ 2022 წელს ვენახების გაშენების ხუთ წლიანი გეგმის შეჯამებით ასრულებს. ახალი ვენახები 1180 ჰექტარ მიწის ფართობზე გააშენა,საერთო ჯამში კი კომპანიის ვენახების ფართობმა 1500 ჰექტარს გადააჭარბა.
კახეთი, ქართლი, იმერეთი, რაჭა და გურია – KTW ჯგუფმა ახალი ვენახები საქართველოს თითქმის ყველა რეგიონში გააფართოვა. კერძოდ, კახეთში: ახმეტის მიკროზონაში – ხიხვი და ქისი, წინანდლის მიკროზონაში – კახური მწვანე, მანავის მიკროზონაში – მანავის მწვანე, ხაშმის მიკროზონაში – ბუდეშურისებური, გრძელმარცვალა საფერავი, რომელიც მცირედ გავრცელებული ჯიშია, ახაშენის მიკროზონაში – საფერავი, ქინძმარაულის მიკროზონაში – ქინძმარაული, ხოლო ზიარის მიკროზონაში – საფერავი გააშენა.
ქართლში – სოფელ მარანასა და ფლავისმანში, – შავკაპიტო, გორული მწვანე, ბუზა, დანახარული და ის სხვა ენდემური ყურძნის ჯიშები აღადგინა-გააშენა, რომლისგანაც მშრალ ღვინოებს აწარმოებს.
გორული მწვანე, შავკაპიტო, ქისი, კაბერნე სოვინიონი, მერლო, შარდონე და სხვა საკოლექციო ყურძნის ჯიშებით ვენახი გააფართოვა საგურამოში.
დუშეთის რაიონში, სოფელ მჭადიჯვარს – ამ გამორჩეული ნიადაგის მქონე 100 ჰექტარ ფართობის მიწაზე KTW ჯგუფმა შავკაპიტოს, ხიხვის და გორული მწვანის ვაზის ჯიშები დარგო. იმერეთში – ციცქას, ცოლიკოურის, კრახუნას, ოცხანური საფერეს და ჩხავერის, რაჭაში – ალექსანდროულ-მუჯულეთურის ვენახი გააფართოვა. გურიაში კი, ჩხავერის ყურძნის ჯიშის გაშენება დაიწყო.
„მაღალმჟავიანობა, სიმსუბუქე, მრავალფეროვანი არომატები – ის ძირითადი თვისებებია, რომელიც ქართლის ყურძნის ჯიშებს სხვა რეგიონის ჯიშებისგან გამოარჩევს. კახეთი – ეს ქართული მევენახეობა-მეღვინეობის აკვანი, დედა-ენაა. ქართლი, კი, ვფიქრობ, ის ჯერ კიდევ ბოლომდე ამოუცნობი მხარეა, სადაც ჯიშობრიობის თვალსაზრისით, საინტერესო აღმოჩნები შეიძლება გავაკეთოთ.
ის, რომ საქართველო მსოფლიოში მევენახეობა-მეღვინოების უძველეს კერად და მაღალხარისხოვანი ღვინოების ზონად არის მიჩნეული – არ ახალია. მთავარი, ამ ხარისხის შენარჩუნებაა და ქვეყანაში, სადაც მთისა და ბარის მეღვინეობა გვაქვს, არსებულის ავთენტურად შენარჩუნებასთან ერთად, მნიშვნელოვანია, რომ თითოეული რეგიონის პოტენციალის მაქსიმალურ წარმოჩენაზე, ახალი გემოების, არომატების ძიებასა და დაკარგულის აღდგენაზე ვიზრუნოთ,“ – ზურაბ ჩხაიძე, KTW ჯგუფის პრეზიდენტი.