დღის სიახლეებისიახლეები

2022 წელს საქართველოში განხორციელებული ცვლილებები

0
გაზიარება

1-ლი ნოემბრიდან საქართველოში მოქმედ სამედიცინო დაწესებულებებში დაფინანსების ახალი მოდელი ამოქმედდა.

DRG მეთოდოლოგიით, საბაზისო ტარიფის მიხედვით, გამოითვლება კონკრეტულ სამედიცინო ჩარევაზე ტარიფი – პაციენტის კლინიკაში შესვლიდან მკურნალობის და კლინიკიდან გაწერის ჩათვლით. ეს ნიშნავს იმას, რომ პაციენტებს კლინიკის მიერ წარდგენილ და სახელმწიფოს მიერ დადგენილ ფასებს შორის სხვაობის დაფარვა აღარ მოუწევთ.

სამომხმარებლო სესხის ვადა 3 წლამდე შემცირდა

2022 წლის აგვისტოში არაუზრუნველყოფილი სამომხმარებლო სესხების მაქსიმალური ვადიანობა, რაც აქამდე 4 წლით იყო განსაზღვრული, 3 წლამდე შემცირდა. ეროვნული ბანკის პრეზიდენტის კობა გვენეტაძის განცხადებით, არაუზრუნველყოფილი სამომხმარებლო კრედიტების მაქსიმალური ვადის შეზღუდვა ერთი წლის განმავლობაში იქნება ძალაში. აღნიშნული გადაწყვეტილება საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ფიზიკური პირების დაკრედიტების ტემპის შემცირების მიზნით მიიღო.

კონკურენციის სააგენტომ მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ კანონის აღსრულება დაიწყო

1-ლი ნოემბრიდან კონკურენციის სააგენტომ მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ კანონის აღსრულება დაიწყო. შეგახსენებთ, რრომ აღნიშნული კანონი ძალაში შევიდა 1-ლი ივნისიდან. 2022 წლის პირველი ნოემბრიდან კი, ნებისმიერი ფიზიკურ პირს შეუძლაია სააგენტოს განცხადებით მიმართოს. სააგენტო საკითხს შეისწავლის სავარაუდო დარღვევის ისეთ ფაქტებზე, რომელმაც გამოიწვია ან შესაძლოა გამოიწვიოს მომხმარებელთა ჯგუფის ინტერესების დარღვევა. ამ კანონის შესაბამისად, მოვაჭრე ვალდებულია მომხმარებელს მიაწოდოს სრული და უტყუარი ინფორმაცია – პროდუქტის სახეობაზე, მახასიათებლებზე, ვარგისიანობაზე და ა.შ. ასევე, უზრუნველყოს საქონელზე ან მომსახურებაზე გასაყიდი და ერთეული ფასის მკაფიო, გასაგები ფორმით მითითება. მომხმარებლის უფლებაა, საჭიროების შემთხვევაში, მოითხოვოს საქონლის შეკეთება ან შეცვლა, იმ შემთხვევაში თუ ეს არათანაზომიერ ან შეუსაბამოდ დიდ ხარჯს არ მოითხოვს.

2022 წლის იანვრიდან საჯარო მოხელეებს ხელფასები გაეზარდათ

იანვრიდან ხელფასები გაეზარდათ ჯარში, პოლიციაში. გარდა ამისა, ანაზღაურება გაეზარდათ, მასწავლებლებს, სკოლის ადმინისტრაციულ პერსონალს, მანდატურებს, სოფლის ექიმებს, ექთნებს, სასწრაფო დახმარების სამსახურის ყველა თანამშრომელს. საჯარო სექტორში განხორციელდა 10%-იანი სახელფასო მატება. აღსანიშნავია, რომ მთავრობის გადაწყვეტილებით, საჯარო მოხელეთა ხელფასები ყოველწლიურად გაიზრდება.

გაიზარდა პენსიები და დახმარებები

2022 წლის იანვრიდან 70 წლამდე პირთა პენსია განისაზღვრა 260 ლარის ოდენობით, ხოლო 70 წლის და მეტი ასაკის პირთათვის 300 ლარის ოდენობით. მაღალმთიან დასახლებებში პენსიის მოცულობა 70 წლამდე ასაკის პირთათვის შეადგენს 312 ლარს, ხოლო 70 წლის და მეტი ასაკის პირთათვის 360 ლარი გახდა პენსია. ამასთან, იანვრიდან გაიზარდა დახმარებების რაოდენობაც. მკვეთრად გამოხატული შშმ პირთა და 18 წლამდე შშმ პირთა ყოველთვიური სოციალური დახმარება გაიზარდა 25 ლარით. ომში მონაწილე ვეტერანების ყოველთვიური 22-ლარიანი დახმარება გაიზარდა 100 ლარამდე. ამასთან, 1-ლი ივნისიდან სოციალურად დაუცველი ბავშვების დახმარება 150 ლარი გახდა.

ქვეყანაში წამლების მონიტორინგი დაიწყო

საქართველოს ფარმაცევტულ ბაზარზე GDP და GMP სტანდარტების დანერგვა სავალდებულო გახდა. აღნიშნული ცვლილება ძალაში 2022 წლის 1-ლი იანვრიდან შევიდა, შესაბამისად, წამლების მონიტორინგიც დაიწყო. ცნობისთვის, ფარმაცევტულ დაწესებულებებს ახალი სტანდარტების დაკმაყოფილება საქართველოს ბაზარზე მედიკამენტების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით უწევთ.

აიკრძალა 15-წლიანი სავალუტო იპოთეკური სესხები

ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებით, 15-წლიანი სავალუტო იპოთეკური სესხები აიკრძალა. ცვლილება ძალაში 2022 წლის 1-ლი იანვრიდან შევიდა. ახალი წესით, ლარით გაცემული იპოთეკური სესხის ან იმ შემთხვევაში თუ მსესხებლის შემოსავალი და სესხი ერთსა და იმავე ვალუტაშია – სესხის მაქსიმალური ხანგრძლივობა ისევ არაუმეტეს 20 წელი, ხოლო უცხოურ ვალუტაში გაცემული იპოთეკური სესხის ან იმ შემთხვევაში, როცა მსესხებლის შემოსავალი და სესხის ვალუტა ერთმანეთისგან განსხვავდება – არაუმეტეს 10 წელი იქნება.

სათამაშო ბიზნესისთვის გარკვეული რეგულაციები ამოქმედდა

2022 წლის 1-ლი მარტიდან აზარტულ და მომგებიან თამაშებთან დაკავშირებული რეგულაციები გამკაცრდა. შედეგად, აზარტული თამაშებისთვის მინიმალური ასაკობრივი ცენზი 25 წლამდე გაიზარდა. ამასთან, საჯარო მოხელეებსა და სოციალურად დაუცველ პირებს აზარტული თამაშის უფლება აეკრძალათ. კანონში შემოვიდა თამაშობებზე დამოკიდებული პირის ცნება. დამოკიდებულ და აკრძალულ პირთა სიას შემოსავლების სამსახური აწარმოებს. მოქალაქის დამოკიდებულ პირთა სიაში შეტანა ხუთი წლის ვადით ხდება. ამასთან, აზარტული თამაშობის, ტოტალიზატორის, ლოტოს, ბინგოს და მათი ორგანიზატორების შესახებ რეკლამის გავრცელება შეიზღუდა. აკრძალვები შემოვიდა სატელევიზიო რეკლამის ნაწილში – პროექტის საბოლოო რედაქციით, სატელევიზიო ეთერში რეკლამა, სასპონსორო განცხადება და პროგრამაში პროდუქტის (საქონლის/მომსახურების) განთავსება აიკრძალა

თბილისსა და რეგიონებში ბიზნესს ბუნებრივი აირი გაუძვირდა

2022 წლის 1-ლი ივლისიდან რეგიონებსა და დედაქალაქში გაზის ტარიფი არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვის, ბიზნესისთვის გაიზარდა. “თელავგაზის“, “სოკარ ჯორჯია გაზის“, „საქორგგაზის“ და „ინტერ გაზის“ საცალო არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვის, 1მ3 ბუნებრივი გაზის ფასი განისაზღვრა 1,38 ლარით დღგ-ს ჩათვლით. დედაქალაქში კი 1მ3 ბუნებრივი აირის საფასური 1,35 ლარით განისაზღვრა.

ავტომობილებში, ტაქსებსა და კატერებში მოწევაზე ჯარიმები ამოქმედდა

ტაქსებში, კატერებსა და ავტომობილებში მოწევაზე ჯარიმები ამოქმედდა. “თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებები პარლამენტმა მესამე მოსმენით 2021 წლის 30 დეკემბერს მიიღო. შედეგად, 2022 წლის 1-ლი იანვრიდან ტაქსიში, საბაგირო ტრანსპორტსა და ნებისმიერ სანაოსნო საშუალებაში მოწევა აიკრძალა. ამასთან, კანონში განხორციელებული ცვლილებებით, თამბაქოს მოწევა აიკრძალა კერძო ავტომობილებშიც, არასრულწლოვნის თანდასწრებით.

რაც შეეხება ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას, ტაქსის მძღოლის მიერ მოწევის აკრძალვის მოთხოვნის შეუსრულებლობისთვის 200-ლარიანი ჯარიმა ამოქმედდა. რაც შეეხება არასრლწლოვნის თანდასწრებით, ავტომობილში მოწევას, ამ შემთხვევაში პირველ ჯერზე 50 ლარიანი ჯარიმაა გათვალისწინებული, 1 წლის განმავლობაში განმეორებით ქმედებაზე 100 ლარი, ხოლო 1 წლის განმავლობაში სამართალდარღვევის მესამედ და ყოველ მომდევნო ჩადენაზე 150 ლარიანი ჯარიმა დაწესდა.

ბიზნეს სექტორს, დაწესებულებებს და სუბიექტებს, დასუფთავების მოსაკრებელი გაეზარდა

2022 წლის 1-ლი იანვრიდან მხოლოდ ბიზნეს სექტორისთვის, დაწესებულებებისთვის და სუბიექტებისთვის, რომლებიც მომგებიან საქმიანობას ეწევიან დასუფთავების მოსაკრებელი გაიზარდა. აღსანიშნავია, რომ დასუფთავების მოსაკრებელი საყოფაცხოვრებო სექტორისთვის უცვლელი დარჩა.

კომუნიკაციების სფეროში კომპანიებს ახალი წესების დაცვა უწევთ

2022 წლის იანვრიდან ამოქმედდა კომუნიკაციების კომისიის მიერ მომხმარებელთა უფლებების დაცვის მიზნით მიღებული, ახალი რეგლამენტი, რომელიც ყველა აბონენტს მისცემს საშუალებას, რომ ხარისხიანი და უსაფრთხო საკომუნიკაციო მომსახურება ჰქონდეს. ახალი რეგლამენტით მომხმარებელს ენიჭება არჩევანის სრული თავისუფლება თავად გადაწყვიტოს, ვისგან შეიძინოს სატელეკომუნიკაციო მოწყობილობა მისთვის ხელსაყრელი საფასურით და პირობებით. კომპანიებს ასევე ეკისრებათ ვალდებულება მომსახურების პირობის ცვლილების შესახებ ინფორმაცია მომხმარებელს 10 სამუშაო დღის ნაცვლად, ერთი თვით ადრე მიაწოდოს, კიდევ ერთი პრობლემური საკითხი, რომელსაც ახალი რეგლამენტი გადაჭრის, მომხმარებლების თანხმობის გარეშე დამატებითი სერვისების გააქტიურებას ეხება. ცვლილებების შედეგად ვერცერთი კომპანია აბონენტს ახალ ფასიან პაკეტს მისი მიმართვის გარეშე ვერ გაუაქტიურებს.

ცვლილებები როუმინგული მომსახურების წესში

კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ მომხმარებელთა უფლებების დაცვის მიზნით 2021 წლის გაზაფხულზე ახალი რეგლამენტი დაამტკიცა. რეგლამენტში საუბარია მათ შორის იმ ცვლილებებზე, რაც როუმინგულ მომსახურებას შეეხება.

ცვლილების შესაბამისად, მომხმარებელთან შეთანხმებით დადგინდება სავალდებულო ფინანსური ლიმიტი, რომლის ამოწურვის შემთხვევაში მომსახურების მიწოდება შეწყდება და მომხმარებელს დამატებით დავალიანება არ დაერიცხება. შესაბამისად, მომხმარებელს ექნება მექანიზმი აკონტროლოს და თავიდან აიცილოს დამატებითი მომსახურების ხარჯი. მომხმარებელს ხარჯის კონტროლის მექანიზმი ექნება ასევე მობილური და ინტერნეტ მომსახურების მიღებისას, იმ შემთხვევაში, თუ აბონენტს მომსახურების ლიმიტი, ბალანსი ან ვადა ეწურება, კომპანია ვალდებულია მას ინფორმაცია მიაწოდოს. ახალი რეგულაციები 2022 წლის იანვრიდან ამოქმედდა.

მოპედების რეგისტრაცია სავალდებულო გახდა

2022 წლის 28 მარტიდან მოპედების რეგისტრაცია სავალდებულო გახდა. კანონში განხორციელებული ცვლილებით, მოპედები მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებებს უთანაბრდება და მათზე იგივე მოთხოვნები გავრცელდა, რაც ნებისმიერი მექანიკური სატრანსპორტო საშუალებისთვის არის დადგენილი

მართვის მოწმობის ასაღებად გამოცდის ჩაბარება ქუჩაშიც გახდა აუცილებელი

სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები გამოცდის პრაქტიკული ნაწილი ორეტაპიანი გახდა. 2022 წლის 25 აპრილიდან სავალდებულო გახდა რეალურ პირობებში (ქუჩაში) მართვის მოწმობის გამოცდის ჩაბარება. საუბარია, მსუბუქ ავტომობილებზე, ხოლო 2022 წლის 7 ნოემბრიდან რეალურ პირობებში მართვის მოწმობის გამოცდის ჩაბარება ყველასთვის სავალდებულოა. მართვის მოწმობის ასაღები თითო გამოცდის რეალურ მოძრაობაში ჩაბარების საფასური 90 ლარია.

თბილისში საზოგადოებრივ ტრანსპორტში აბონიმენტების სისტემა ამოქმედდა

თბილისში საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობისას აბონიმენტების სისტემა ამოქმედდა. ულიმიტო სისტემა ძალაში 1-ლი თებერვლიდან შევიდა. მგზავრობის 90-წუთიანი ბარათი 1 ლარი ღირს, 1-დღიანი ბარათი – 3 ლარი, 1-კვირიანი – 20 ლარი, 1-თვიანი – 40 ლარი, 3-თვიანი – 100 ლარი, 6-თვიანი – 150 ლარი, ხოლო 1-წლიანი ბარათები – 250 ლარი ღირს. ერთჯერადად მგზავრობის შემთხვევაში ტარიფი 50 თეთრის ნაცვლად, 1 ლარი გახდა.

საბურავების, ზეთების, ბატარეებისა და აკუმულატორების მწარმოებლებისთვის ახალი ვალდებულებები ამოქმედდა

საბურავების, ზეთების, ბატარეებისა და აკუმულატორების მწარმოებლებისთვის ახალი ვალდებულებები შევიდა ძალაში. კერძოდ, ცვლილება ეხება მწარმოებლის გაფართოებულ ვალდებულებას (მგვ) დაქვემდებარებული პროდუქციის (ბატარეები და აკუმულატორები, საბურავები, ელექტრო და ელექტრონული მოწყობილობები და ზეთები) მწარმოებლებს და იმპორტიორებს. 1-ლი ივნისიდან, საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული ოთხი ტექნიკური რეგლამენტი (ნარჩენი ზეთების მართვის, საბურავების ნარჩენების მართვის, ელექტრო და ელექტრონული მოწყობილობების ნარჩენების მართვის, ბატარეებისა და აკუმულატორების ნარჩენების მართვის) შევიდა ძალაში, რაც გულისხმობს, რომ მგვ-ს დაქვემდებარებულმა ორგანიზაციებმა 1-ელ ივნისამდე, პროდუქტის ბაზარზე განთავსებამდე უნდა გაიარონ ავტორიზაცია მგვ-ის ელექტრონულ რეესტრში, ხოლო მიმდინარე წლის 1-ლი ივლისიდან, ყველა იმპორტიორსა და დისტრიბუტორს აეკრძალა იმ მწარმოებლების მიერ მოწოდებული პროდუქციის ბაზარზე განთავსება, რომლებიც არ არიან რეგისტრირებული მგვ რეესტრში და არ არიან მგვ ორგანიზაციის წევრები.

1-ლი იანვრიდან „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს ახალი კანონი ამოქმედდა

2022 წლის 1-ლი იანვრიდან „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს ახალი კანონი ამოქმედდა. ახალი კანონი სამეწარმეო საქმიანობის განმახორციელებელ პირთა დაფუძნების, რეგისტრაციის საკითხებსა და პროცედურებს აწესრიგებს. კანონმდებლობიდან გამომდინარე, ერთიანი ელექტრონული პორტალი შეიქმნა, სადაც რეგისტრაციის შესახებ სააგენტოს გადაწყვეტილებები; სარეგისტრაციო წარმოებასთან დაკავშირებული დოკუმენტები; საზოგადოების მიერ კანონმდებლობის შესაბამისად გამოქვეყნებული ინფორმაცია თავსდება. ახალი რეგულაციებით, 2022 წლის 1-ელ იანვრამდე რეგისტრირებულ სუბიექტებს განესაზღვრათ 2 წლის ვადა სარეგისტრაციო მონაცემების კანონთან შესაბამისობაში მოსაყვანად.

მსგავსი სიახლეები

იანვარ-აგვისტოში საქართველოდან ექსპორტმა 4.2 მლრდ დოლარი, იმპორტმა კი 10.5 მლრდ შეადგინა

2024 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 14.700 მლრდ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 3 პროცენტით მეტია.  მონაცემებს…

აგვისტოში, საარსებო შემწეობა 454 112-მა მოქალაქემ მიიღო – სოციალური მომსახურების სააგენტო

სოციალური მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, აგვისტოში, საარსებო შემწეობა 454 112-მა მოქალაქემ მიიღო. სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, მათ შორის, 16 წლამდე ასაკის ბავშვი 244 699-ია. სააგენტოს ცნობით, აგვისტოს თვის…

საქართველოში ქალები მამაკაცებზე 34%-ით ნაკლებ ხელფასს იღებენ – სტატისტიკის სამსახური

2024 წლის მეორე კვარტალში დაქირავებით დასაქმებული ქალების საშუალო ნომინალური ხელფასი 1 590.2 ლარით, ხოლო კაცების - 2 413.5 ლარით განისაზღვრა. ხელფასების წლიურმა ზრდამ ქალებში 153.1 ლარი (10.7%) შეადგინა, ხოლო კაცებში - 251.8…

UFC-ის საჩემპიონო ქამარი დაახლოებით 330 000 დოლარი ღირს და მისი ღირებულება ტიტულის დაცვის რაოდენობის მიხედვით იზრდება

UFC-ის საჩემპიონო ქამარი დაახლოებით 330 000 დოლარი ღირს. ქამრის ღირებულება ტიტულის დაცვის რაოდენობის მიხედვით იზრდება და ყოველი დაცვისთვის ძვირფასი ქვა ემატება. საჩემპიონო ქამრის ღირებულება განპირობებულია მისი შექმნისთვის…

10 ყველაზე საშიში პროფესია მსოფლიოში

Tap Root Cause Analysis-ის ინფორმაციით, მსოფლიოში ყველაზე საშიშ პროფესიად ხე-ტყის მოპოვება ითვლება. აშშ-ს შრომის სტატისტიკის ბიუროს თანახმად, ხე-ტყის მოპოვების სამუშაოების დროს სიკვდილიანობის მაჩვენებელი ყოველ 100 ათას მუშაზე…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!