ევროპის ყველაზე მძლავრი სუპერკომპიუტერი, Jupiter შესაძლოა, წელს ამუშავდეს,რომლითაც ყოველ ორ წამში 1 ტრილიონი პროცესის გაშვებაა შესაძლებელი, რაც 15 მილიონი ლეპტოპის მუშაობის ტოლფასია. მაღალტექნოლოგიურ მანქანას ჯანმრთელობის, ბიოლოგიის, კლიმატის, ენერგეტიკის სფეროში კვლევების ჩასატარებლად, ასევე, სამრეწველო გადაწყვეტილებების შესაქმნელად გამოიყენებენ. ექსპერტების აზრით, კომპიუტერი კვლევის ხარისხს გააუმჯობესებს და მის ღირებულებას შეამცირებს, ასევე, ხელს შეუწყობს კვლევებში მოწინავე ტექნოლოგიების ინტეგრირებას, მათ შორის კვანტურ გამოთვლებს. შესაძლოა Jupiter მსოფლიოში საუკეთესო სუპერკომპიუტერის სამეულში შევა.
„ევროპულსის“ ცნობით, კომპიუტერი გერმანიაში, იულიხის კვლევით ცენტრში დაიდგმება. 2022 წლის დასაწყისში „ევროპულსი“ წერდა, რომ იულიხის კვლევითმა ცენტრმა სუპერკომპიუტერთან გაერთიანებული პირველი კვანტური კომპიუტერი შექმნა. ასეთ კომპიუტერს კვანტური მექანიკის კანონებით ყველაზე რთული „სასიცოცხლო ამოცანების“ ამოხსნა შეუძლია. კერძოდ, შექმნას კლიმატის ცვლილების მოდელები, დაგეგმოს სატრანსპორტო ნაკადები, შეიმუშაოს მედიკამენტების ფორმულები ან ფინანსური ნაკადები გააანალიზოს.
იულიხის კვლევით ცენტრში, ასევე, სუპერკომპიუტერი, Juwels არის განთავსებული, რომელიც 2022 წლის დასაწყისისთვის ევროპაში ყველაზე სწრაფი კომპიუტერი იყო.
2020 წელს მსოფლიოში ყველაზე სწრაფი სუპერკომპიუტერი, ხელოვნური ინტელექტის საფუძველზე, იტალიამ შექმნა. ასეთ კომპიუტერს სხვადასხვა სამეცნიერო პრობლემის გადაჭრა, მაგალითად, ვაქცინების შექმნა შეუძლია.