2023 წლის იანვრიდან ლისაბონელებისთვის ველოსიპედების სერვისი ხელმისაწვდომი იქნება სტუდენტებისთვის და პენსიონერებისთვის, მოგვიანებით კი უფასო სერვისით პორტუგალიის დედაქალაქის ყველა მცხოვრები ისარგებლებს. უფასო გაქირავების ორგანიზებისთვის მობილური აპლიკაცია ამოქმედდება.
EEA-ს მონაცემებით, ევროპაში სატრანსპორტო სითბური გაზების გამონაბოლქვში ავტომობილების წილი 72%-ს შეადგენს, შესაბამისად ევროპაში ადამიანების წასახალისებლად სხვადასხვა გზას ეძებენ, რომ არაეკოლოგიურ საწვავზე მომუშავე მანქანები ნაკლებად გამოიყენონ. მაგალითად, საფრანგეთმა სექტემბერში დაიწყო პროგრამა, რომლის მიხედვითაც ელექტროველოსიპედის შესაძენად მთავრობა მოქალაქეზე 4000 ევროს გასცემს, ხოლო ესპანეთში ელექტრომატარებლებით მგზავრობა უფასო გახადეს, რომლის ვადაც გასულ თვეში მომავალი წლის ბოლომდე გააგრძელეს.
არაეკოლოგიური მანქანებისგან თავის დაღწევა საერთოევროპულ მიზანს ემსახურება, რომ 2050 წლისთვის კლიმატის ნეიტრალიტეტი იქნეს მიღწეული. ამ დროისთვის ევროპაში აღარ უნდა არსებობდეს იმაზე მეტი სითბური აირი, რისი შთანთქმაც ბუნებას, მათ შორის, მაგალითად, ხეებს შეუძლია. ამის შედეგად სითბური გაზები პლანეტაზე ატმოსფეროს ვეღარ „გაათბობს.“