სურსათის მწარმოებელ ყველა ბიზნესოპერატორს ეკისრება ვალდებულება, საფრთხის ანალიზისა და კრიტიკული საკონტროლო წერტილების სისტემა (HACCP) 2023 წლის 1 ივნისამდე დანერგოს.
ახალი რეგულაცია გავრცელდება:
- სასურსათო მაღაზია, მარკეტი; თაფლის რეალიზაცია; ნახევარფაბრიკატების რეალიზაცია; ბავშვთა კვების წარმოება, რეალიზაცია, რძითა და რძის პროდუქტებით ვაჭრობა, ხილ-ბოსტნეულის რეალიზაცია;
- აგრარული ბაზარი; დახლზე ვაჭრობა, ხორცის რეალიზაცია;
- ბადაგისა და ჩურჩხელის წარმოება;
- კვების პროდუქტების შენახვა, შეფუთვა, დაფასოება;
- მცენარეული ცხიმის, მაიონეზის, ზეთის, მარგარინის წარმოება;
- საქართველოს ტერიტორიაზე სარეალიზაციოდ განკუთვნილი ნიგვზის, თხილის, მზესუმზირის და მისთანების გადამუშავება, რეალიზაცია;
- პურ-ფუნთუშეულის წარმოება, ფქვილოვანი პროდუქციის წარმოება, პურის საცხობი, თონე, არახანგრძლივი შენახვის საკონდიტრო ნაწარმის წარმოება, ბურბუშელას წარმოება, ფქვილის, ბურღულეულის წარმოება, მარცვლეულის, ფქვილის რეალიზაცია, ორცხობილებისა და მშრალი ნამცხვრების წარმოება; ხანგრძლივი შენახვის ცომეული საკონდიტრო ნაწარმის და ნამცხვრების წარმოება, პურის დისტრიბუცია, პურ-ფუნთუშეულით ვაჭრობა, საკონდიტრო წარმოება, შოკოლადის წარმოება, წისქვილი;
- საკონსერვო წარმოება;
- სუნელ-სანელებლების წარმოება, დაფასოება, შენახვა, რეალიზაცია; საკვებდანამატების წარმოება, შენახვა, რეალიზაცია; აჯიკის, მდოგვის, სვანური მარილის წარმოება, დაფნის ფოთლის წარმოება, რეალიზაცია;
- უალკოჰოლო სასმელების, ბოთლის სასმელი წყლის წარმოება, ყავის და ჩაის გადამუშავება, რეალიზაცია, დისტრიბუცია, ცენტრალიზებული წყალმომარაგება;
- შაქრის, მარილის წარმოება;
- გამომშრალი ხილის წარმოება, ჩიფსის წარმოება.
2015 წლიდან HACCP სავალდებულოა ნედლი რძის თერმულად გადამამუშავებლებისა და ცხოველთა სასაკლაოებისთვის;
2019 წლიდან – ექსპორტისთვის განკუთვნილი თხილის გულისა და გადამუშავებული თხილის გულის დამამზადებლებისთვის;
2021 წლის იანვრიდან – ცხოველური წარმოშობის სურსათის წარმოება ან/და გადამმუშავებლებისთვის;
2021 წლის ივნისიდან – სურსათის წარმოება/გადამმუშავებლებისთვის საცალო ვაჭრობის პუნქტში.
საფრთხის ანალიზი და კრიტიკული საკონტროლო წერტილების სისტემა – HACCP ინერგება მას შემდეგ, რაც ბიზნესოპერატორი დააკმაყოფილებს წარმოების სანიმუშო პრაქტიკის მოთხოვნებს და განახორციელებს წინასწარ აუცილებელ პროგრამებს (GMP და GHP). სისტემა ბიზნესოპერატორს საშუალებას აძლევს, წინასწარ განსაზღვროს და თავიდან აიცილოს სურსათის უვნებლობის პოტენციური საფრთხეები, მომხმარებელს მიაწოდოს უვნებელი სურსათი, შეამციროს მომხმარებლებში სურსათისმიერი დაავადებების შემთხვევები, რაც აამაღლებს მისი ბიზნესის კონკურენტუნარიანობას და გაზრდის მომხმარებლის ნდობას.