BAG ინდექსის 2023 წლის მე-4 კვარტლის კვლევის თანახმად, აღნიშნულ პერიოდში, გამოკითხული კომპანიების მიერ მიმდინარე მდგომარეობის შეფასება გაუარესდა 6.1 ქულით, ხოლო მომდევნო 6 თვის მოლოდინის მაჩვენებელი გაუარესდა 2.8 ქულით. დოკუმენტის თანახმად, გასული წლის ბოლოს დასაქმებულთა ხელფასები გამოკითხულ კომპანიათა 21%-მა გაზარდა.
„2023 წლის მე-4 კვარტლის შედეგები ასევე გაუარესებულია 2022 წლის მე-4 კვარტალთან შედარებით, როდესაც BAG ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი 44.4-ს, მიმდინარე მდგომარეობის შეფასება 37.6-ს, ხოლო მომდევნო 6 თვის მოლოდინის ქულა 51.4-ს შეადგენდა.
აღსანიშნავია, რომ 2021 წლის 1-ლი კვარტლიდან BAG ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი დადებითია და 2023 წლის მე-3 კვარტლამდე უმჯობესდებოდა (ზრდადი ტენდენციის შემდეგ, 2023 წლის მე-3 კვარტალში, წინა კვარტალთან შედარებით, ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი გაუარესებულია).
გამოკითხვის შედეგების მიხედვით, 2023 წლის მე-4 კვარტალში კომპანიათა 21%-მა გაზარდა დასაქმებულთა ხელფასები. აღნიშნული ზრდა შესაძლოა, უკავშირდებოდეს საქართველოში სპეციალისტებისა და სამუშაო ძალის ნაკლებობის პრობლემას.
აღნიშნულ ფაქტორებს ხელის შემშლელად კომპანიათა დიდი ნაწილი აფიქსირებს (2023 წლის IV კვარტალში კომპანიათა 63%-მა სპეციალისტების ნაკლებობა, ხოლო 43%-მა სამუშაო ძალის ნაკლებობა დაასახელა ხელის შემშლელ ფაქტორებად),“- აღნიშნულია კვლევაში.