დღის სიახლეებისიახლეები

2023 წლის სექტემბრიდან საქართველოში ხუთი ახალი ცვლილება ამოქმედდება

0
გაზიარება
  1. მართვის მოწმობის გამოცდას ახალი კითხვები დაემატება

2023 წლის 1-ლი სექტემბრიდან, სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპის საკვალიფიკაციო მოთხოვნებს, სატრანსპორტო საშუალების ტექნიკურ გამართულობასთან დაკავშირებული კითხვები ემატება. კერძოდ, „B“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები გამოცდისთვის განსაზღვრულია 20 კითხვა, საიდანაც მძღოლობის კანდიდატს 2 დავალება მიეცემა. გამოსაცდელს კითხვებზე პასუხის გაცემა ვიზუალურად ჩვენებით, ან ზეპირად/თავისუფალი თხრობით გადმოცემით შეეძლება.

იმ შემთხვევაში, თუ მძღოლობის კანდიდატი გამომცდელის მიერ მიცემულ დავალებას ვერ შეასრულებს, მსუბუქ შეცდომად ჩაეთვლება.

მიმდინარე წლის 1-ელი სექტემბრიდან, მართვის უფლების მისაღები გამოცდის პრაქტიკული ნაწილი ორეტაპიანი “C” და “D” კატეგორიების და “C1” და “D1” ქვეკატეგორიების სატრანსპორტო საშუალებებისთვის გახდება.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას აგრძელებს და „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონში განხორციელებული ცვლილებების შესაბამისად, 1-ლი სექტემბრიდან “C” და “D” კატეგორიების და “C1” და “D1” ქვეკატეგორიების სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები გამოცდის პრაქტიკული ნაწილი ორეტაპიანი ხდება. ცვლილებების მიხედვით, პრაქტიკული გამოცდის პირველი ეტაპის (მოედანი) წარმატებით ჩაბარების შემდეგ, მძღოლობის კანდიდატი გადაინაცვლებს მეორე ეტაპზე, რაც რეალურ საგზაო მოძრაობის პირობებში გამოცდის ჩაბარებას გულისხმობს,“ – აცხადებენ შსს-ს მომსახურების სააგენტოში.

2. შრომით მიგრაციას კანონი დაარეგულირებს

1-ლი სექტემბრიდან შრომითი მიგრაციის შესახებ კანონში ახალი ცვლილებები ამოქმედდება. ახალი კანონმდებლობის მიხედვით, შუამავალ კომპანიებს, რომლებიც საქართველოს მოქალაქეებს, საზღვარგარეთ დასაქმებაში ეხმარებიან, სერტიფიცირების ვალდებულება უჩნდებათ. ამასთან, სპეციალურ ელექტრონულ სისტემაში მოხდება საქართველოში დასაქმებული უცხოეთის მოქალაქეების აღრიცხვა. გარდა ამისა, ქვეყანაში, შრომითი ბინადრობისა და ემიგრაციის ვიზების ფლობისთვის, სავალდებულო ხდება ამავე სისტემაში რეგისტრაცია. ცვლილებების მაქსიმალური ეფექტურობისთვის, ახალი კანონი მონიტორინგისა და აღსრულების მექანიზმებსაც ითვალისწინებს, რომელსაც შრომის ინსპექციის სამსახური განახორციელებს.

3. რუსეთში ევროპული ავტომობილების რეექსპორტი იკრძალება

2023 წლის 26 სექტემბრიდან საქართველოდან რუსეთში ევროპიდან შემოყვანილი ავტომობილების რეექსპორტი იკრძალება. აღსანიშნავია, რომ ამერიკიდან შემოყვანილი მანქანების რუსეთში ექსპორტი 1-ლი აგვისტოდან უკვე აკრძალულია. ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, ევროკავშირიდან იმპორტირებული მანქანების რუსეთში ექსპორტს ევროკავშირის სანქციების მე-11 პაკეტი ითვალისწინებს. ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, შეზღუდვები წესდება „აშშ-ის და ევრიკავშირის მიერ დაწესებული სანქციების შესაბამისად“ და შეეხება როგორც რუსეთს, ისე ბელარუსს. ფინანსთა სამინისტროსა და შემოსავლების სამსახურში სანქციაზე შეერთების დამატებით დეტალებზე არ საუბრობენ.

4 ქალაქში მანქანები გამონაბოლქვზე შემოწმდებიან

საქართველოს 4 ქალაქში – თბილისში, ქუთაისში, ბათუმსა და რუსთავში ავტომობილები გამონაბოლქვზე შემოწმდებიან. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლები გზებზე ავტოსატრანსპორტო საშუალებების ხილულ გამონაბოლქვში მავნე ნივთიერებათა შემადგენლობის კონტროლს 4 სექტემბრიდან განახორციელებენ. გამონაბოლქვში მავნე ნივთიერებათა შემადგენლობის დადგენილი ნორმების დარღვევისთვის კი საჯარიმო სანქციები წესდება. როგორც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილემ ტარიელ ირემაძემ განაცხადა, დამრღვევი ფიზიკური პირი პირველ ჯერზე დაჯარიმდება 100 ლარით, განმეორების შემთხვევაში კი – 300 ლარით, კვლავ განმეორების შემთხვევაში – 600 ლარით; იურიდიული პირი კი პირველ ჯერზე 500 ლარით დაჯარიმდება, განმეორებით შემთხვევაში – 1500 ლარით, ხოლო მესამედ – 3000 ლარით.

ტარიელ ირემაძის განმარტებით, პირველი დაჯარიმების შემდეგ მძღოლს ექნება 15 კალენდარული დღე, რათა ავტომობილის გამონაბოლქვი ნორმას დაექვემდებაროს. ხოლო თუ ამ 15-დღიანი ვადის შემდეგ კვლავ ნორმას გადააჭარბებს გამონაბოლქვში მავნე ნივთიერებები, სწორედ ამის შემდეგ მოხდება ჯარიმის გასამმაგება.

5.  ბიზზნესისთვის ბუნებრივი აირი იაფდება

2023 წლის 1-ლი სექტემბრიდან რეგიონებში ბიზნესისთვის გაზი 13 თეთრით გაიაფდება, თბილისში კი 11 თეთრით. შესაბამისი ცვლილება რეგიონების შემთხვევაში „სოკარ ჯორჯია გაზის“ მომხმარებელს, დედაქალაქის შემთხვევაში კი “თბილისი ენერჯის” მომხმარებელს შეეხება. აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ გაზგამანაწილებელმა კომპანიებმა განცხადებები აგვისტოს დასაწყისში გაავრცელეს.

„1-ლი სექტემბრიდან შპს „თბილისი ენერჯის“ არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლისათვის მისაწოდებელი ბუნებრივი გაზის ფასი ერთ კუბურ მეტრზე 1.35 (ერთი ლარი და 35 თეთრი) ლარის ნაცვლად, განისაზღვრება 1.24 (ერთი ლარი და 24 თეთრი) ლარით, დამატებული ღირებულების გადასახადის ჩათვლით.

აქვე გვინდა აღვნიშნოთ, რომ ბუნებრივი გაზის ფასი არ იცვლება საყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვის და ტარიფი კვლავ 0.539708 ლარი იქნება ერთ კუბურ მეტრზე,”- ნათქვამია კომპანიის მიერ აგვისტოს დასაწყისში გავრცელებულ ინფორმაციაში.

1-ლი სექტემბრიდან ბუნებრივი აირის ტარიფის შემცირების შესახებ განცხადება 28 ივლისს შპს „სოკარ ჯორჯია გაზმა“ და „საქორგაზმაც“ გაავრცელა.

„საცალო არასაყოფაცხოვრებო (კომერციული) მომხმარებლებისთვის 1 მ³ ბუნებრივი გაზის ფასი ნაცვლად 1,38 ლარისა განისაზღვრება 1,25 (ერთი ლარი და ოცდახუთი თეთრი) ლარით დღგ-ს ჩათვლით.

უცვლელი რჩება საყოფაცხოვრებო (მოსახლეობის) ტარიფი, რომელიც საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მიერ არის დადგენილი“, – აცხადებენ კომპანიაში.

ბუნებრივი გაზის საფასური 1-ლი სექტემბრიდან “თელავგაზის“ საცალო არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლისთვისაც შეიცვლება. “თელავგაზის“ საცალო არასაყოფაცხოვრებო (კომერციული) მომხმარებლებისთვის 1 მ³ ბუნებრივი გაზის ფასი ნაცვლად 1,38 ლარისა განისაზღვრება 1,25 (ერთი ლარი და ოცდახუთი თეთრი) ლარით დღგ-ს ჩათვლით. უცვლელი რჩება საყოფაცხოვრებო (მოსახლეობის) ტარიფი, რომელიც საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მიერ არის დადგენილი.

მსგავსი სიახლეები

იანვარ-აგვისტოში საქართველოდან ექსპორტმა 4.2 მლრდ დოლარი, იმპორტმა კი 10.5 მლრდ შეადგინა

2024 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 14.700 მლრდ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 3 პროცენტით მეტია.  მონაცემებს…

აგვისტოში, საარსებო შემწეობა 454 112-მა მოქალაქემ მიიღო – სოციალური მომსახურების სააგენტო

სოციალური მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, აგვისტოში, საარსებო შემწეობა 454 112-მა მოქალაქემ მიიღო. სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, მათ შორის, 16 წლამდე ასაკის ბავშვი 244 699-ია. სააგენტოს ცნობით, აგვისტოს თვის…

საქართველოში ქალები მამაკაცებზე 34%-ით ნაკლებ ხელფასს იღებენ – სტატისტიკის სამსახური

2024 წლის მეორე კვარტალში დაქირავებით დასაქმებული ქალების საშუალო ნომინალური ხელფასი 1 590.2 ლარით, ხოლო კაცების - 2 413.5 ლარით განისაზღვრა. ხელფასების წლიურმა ზრდამ ქალებში 153.1 ლარი (10.7%) შეადგინა, ხოლო კაცებში - 251.8…

UFC-ის საჩემპიონო ქამარი დაახლოებით 330 000 დოლარი ღირს და მისი ღირებულება ტიტულის დაცვის რაოდენობის მიხედვით იზრდება

UFC-ის საჩემპიონო ქამარი დაახლოებით 330 000 დოლარი ღირს. ქამრის ღირებულება ტიტულის დაცვის რაოდენობის მიხედვით იზრდება და ყოველი დაცვისთვის ძვირფასი ქვა ემატება. საჩემპიონო ქამრის ღირებულება განპირობებულია მისი შექმნისთვის…

10 ყველაზე საშიში პროფესია მსოფლიოში

Tap Root Cause Analysis-ის ინფორმაციით, მსოფლიოში ყველაზე საშიშ პროფესიად ხე-ტყის მოპოვება ითვლება. აშშ-ს შრომის სტატისტიკის ბიუროს თანახმად, ხე-ტყის მოპოვების სამუშაოების დროს სიკვდილიანობის მაჩვენებელი ყოველ 100 ათას მუშაზე…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!