„ტექინსპექტირების ცენტრების კავშირის“ აღმასრულებელი დირექტორის, გიორგი შიოლაშვილის განცხადებით, გასულ წელს საქართველოში ტექინსპექტირება 927 ათასმა ავტომობილმა გაიარა, ხოლო 2022 წელს – 789 ათასმა.
შიოლაშვილის თქმით, მიმდინარე წლის სტატისტიკა იმ ავტომობილების შესახებ, რომელმაც ტექდათვალიერება გაიარა, ჯერჯერობით დამუშავებული არ არის. ავტომობილების უმეტესობა კი სამი ძირითადი მიზეზის გამო ხარვეზდება:
„უმეტესად მაშუქი ფარების გაუმართაობის გამო ხარვეზდება ავტომობილი, პრობლემურია ასევე სამუხრუჭე სისტემა და გამონაბოლქვი – ძირითადად, ეს პარამეტრები ხდება დახარვეზების მიზეზი.
ჯერჯერობით არ დასრულება კონსულტაციები ტექინსპექტირების გაძვირებასთან დაკავშირებით. ფასები შესაძლოა, 30 ლარით გაიზარდოს, კონსულტაციები ჯერჯერობით კვლავ მიმდინარეობს და ამ ეტაპზე გადაწყვეტილება ჯერჯერობით მიღებული არ არის. ალბათ, შემოდგომით უფრო გააქტიურდება პროცესები“, – განაცხადა გიორგი შიოლაშვილმა
საქსტატის ინფორმაციით, მიმდინარე წელს საქართველოში 1 729 081 ავტომობილია რეგისტრირებული. წელს მხოლოდ შვიდ თვეში საქართველოში იმპორტირებულია 1.607 მლრდ დოლარის 104 845 ერთეული ავტომობილი. რაც შეეხება ექსპორტს, ამავე პერიოდში საქართველოდან ექსპორტზე გავიდა 1.193 მლრდ დოლარის 57 323 ერთეული მსუბუქი ავტომობილი.