მომავალი წლიდან პენსია 35 ლარით გაიზრდება და 70 წლამდე პენსიონერები 295 ლარს მიიღებენ. ამის შესახებ 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტიდან ირკვევა.
როგორც განმარტებით ბარათშია აღნიშნული, 2023 წლის ბიუჯეტის პროექტით ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის პროგრამების დასაფინანსებლად სამინისტროს დაფინანსება გაზრდილია 770 მლნ ლარზე მეტით, რომლის ფარგლებში გათვალისწინებულია, მათ შორის პენსიის ზრდა.
70 წლის და მეტი ასაკის პენსიონერთა პენსია იზრდება 65 ლარით. შედეგად, პენსია განისაზღვრება 365 ლარის ოდენობით. ამავე კატეგორიის პენსიონერთა პენსია მაღალმთიან დასახლებებში თითქმის 440 ლარს გაუტოლდება.
70 წლამდე პირთა პენსია კი იზრდება 35 ლარით და განისაზღვრება 295 ლარის ოდენობით, ხოლო მაღალმთიან დასახლებებში თითქმის 355 ლარს გაუტოლდება.