2021 წელს, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 31.5 პროცენტით გაიზარდა ბიზნეს სექტორის ბრუნვის მოცულობა და 150.4 მილიარდი ლარი შეადგინა. ინფორმაციას ამის შესახებ სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.
ზრდის ტენდენციით ხასიათდება ბიზნეს სექტორის პროდუქციის გამოშვების მაჩვენებელიც. 2021 წელს მისი მოცულობა 57.6 მილიარდი ლარით განისაზღვრა, რაც 24.6 პროცენტით აღემატება გასული წლის მაჩვენებელს.
„2021 წელს მთლიანი ბრუნვის 65.3 პროცენტი მოდის მსხვილ ბიზნესზე, 16.2 პროცენტი – საშუალოზე, ხოლო 18.5 პროცენტი – მცირე ბიზნესზე ნაწილდება. მცირედით განსხვავებული მდგომარეობაა პროდუქციის მთლიანი გამოშვების შემთხვევაში: მსხვილ ბიზნესზე მოდის პროდუქციის გამოშვების 46.8 პროცენტი, საშუალოზე – 24.4 პროცენტი, ხოლო მცირე ბიზნესზე – 28.7 პროცენტი.
საწარმოთა მიერ განხორციელებულმა საქონლისა და მომსახურების მთლიანმა ყიდვებმა 2021 წელს 81.4 მლრდ. ლარი, ხოლო გადასაყიდად განკუთვნილი საქონლისა და მომსახურების ყიდვებმა – 51.8 მლრდ. ლარი შეადგინა. საქონლისა და მომსახურების მთლიანი ყიდვები 25.1 პროცენტით, ხოლო გადასაყიდად განკუთვნილი საქონლისა და მომსახურების ყიდვები 26 პროცენტით მეტია გასული წლის მაჩვენებლებზე.
2021 წელს დასაქმებულთა საშუალო რაოდენობა 744.3 ათასი კაცით განისაზღვრა, რაც გასული წლის მაჩვენებელს 5.7 პროცენტით აღემატება. დასაქმებულთა მთლიანი რაოდენობიდან 42 პროცენტი ქალია, ხოლო 58 პროცენტი – კაცი.
დასაქმებულთა მთლიანი რაოდენობის 38.2 პროცენტი მსხვილ ბიზნესზე მოდის, 19.7 პროცენტი – საშუალოზე, ხოლო დარჩენილი 42.1 პროცენტი – მცირე ბიზნესზე.
დაქირავებულთა მთლიანმა რაოდენობამ 688.1 ათასი კაცი შეადგინა (გასულ წელთან შედარებით – 4.8 პროცენტით მეტი). საწარმოთა მთლიანი დანახარჯები პერსონალზე – 11 357.8 მლნ. ლარით განისაზღვრა (გასულ წელთან შედარებით – 15.6 პროცენტით მეტი). 2021 წელს საშუალო თვიური ხელფასი ბიზნეს სექტორში 1 347.6 ლარს გაუტოლდა (გასულ წელთან შედარებით გაზრდილია 124.7 ლარით), მათ შორის ქალების ხელფასმა შეადგინა – 1 064.3 ლარი (გასულ წელთან შედარებით გაიზარდა 112.3 ლარით).
საწარმოთა ზომის მიხედვით საშუალო თვიური ხელფასი შემდეგნაირია:
მსხვილი ბიზნესი – 1 515.4 ლარი,
საშუალო ბიზნესი – 1 616.9 ლარი,
მცირე ბიზნესი – 1 008.4 ლარი.