“ბაზისბანკმა” შეღავათიანი აგრო კრედიტის ფარგლებში, ხილის გადამამუშავებელი ქარხანა დააფინანსა. ბანკი წლებია აქტიურად თანამშრომლობს გორის რაიონ სოფელ შინდისში არსებულ შპს ანტონი და კომპანიასთან, რომელიც ხილის გადამამუშავებელ ქარხანას და 17.5 ჰექტარზე გაშენებულ ამერიკული ჯიშის, ინტენსიური ვაშლის ბაღებს ფლობს. ვაშლის ბაღები სრულად არის გამართული თანამედროვე სარწყავი სისტემებით და სეტყვისგან დამცავი ბადეებით.
კომპანია ყოველწლიურად ადგილობრივი აგრო მეწარმეებისაგან ახორციელებს ნედლეულის, ძირითადად ვაშლის, შესყიდვას, შემდგომი გადამუშავების მიზნით. საწარმო დღეში საშუალოდ 120 ტონამდე ხილის კონცენტრატის გადამუშავებას ახორციელებს. ხილის გადამუშავებული კონცენტრატის 90%-მდე გერმანიაში გადის ექსპორტზე. ვაშლის ბაღებსა და ქარხანაში სრულად ადგილობრივი მოსახლეობაა დასაქმებული.
„ჩვენ ყოველთვის მხარს ვუჭერთ და მნიშვნელოვანი წვლილი შეგვაქვს გადამამუშავებელი და აგრო მეწარმეობის განვითარებაში, რაც თავის მხრივ, ხელს უწყობს ქვეყანაში ბიზნესის გაძლიერებასა და ეკონომიკის განვითარებას. მზად ვართ დავეხმაროთ ბიზნესს, რომელიც მუდმივად ზრდასა და განვითარებაზეა ორიენტირებული. ვიმედოვნებთ, ბაზისბანკის ფინანსური ჩართულობა, კიდევ უფრო წარმატებული იქნება და ჩვენი პარტნიორობა გაფართოების მეტ შესაძლებლობას მისცემს მეწარმეს. მსაგავსი ტიპის გადამამუშავებელი საწარმოების არსებობა კი მნიშვნელოვან როლს თამაშობს ქვეყნის სოფლის მეურნეობის სექტორის განვითარებაში,“ – აღნიშნა “ბაზისბანკის” კომერციულმა დირექტორმა გიორგი გაბუნიამ.