ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (Organisation for Economic Co-operation and Development OECD) წევრ ევროპულ ქვეყნებში, რომლეთა შორის ბულგარეთი და რუმინეთი არ ირიცხება, ბუნებრივი აირის მოხმარება შესაძლოა, წლის ბოლომდე 50 მილიარდ კუბურ მეტრზე მეტად შემცირდეს. ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს (IEA) შეფასებით, ეს გაზის ბაზარზე რეკორდული ვარდნა იქნება ბოლო 50 წლის განმავლობაში.
IEA-ს მონაცემებით, ევროპის OECD-ის ქვეყნებმა გასულ წელს 604 მილიარდი კუბური მეტრი გაზი მოიხმარეს, რაც მიმდინარე წლის ბოლოსთვის შესაძლოა, 548 მილიარდ კუბურ მეტრამდე შემცირდეს. რვა თვის განმავლობაში ევროპის OECD-ის ქვეყნებში გაზზე მთლიანი მოთხოვნა, წლიური თვალსაზრისით, თითქმის, 10%-ით, მესამე კვარტალში კი 9%-ით შემცირდა. ევროპულ ინდუსტრიაში რვა თვის განმავლობაში გაზის მოხმარება 15%-ით, საცხოვრებელ სექტორში კი 20%-ზე მეტად შემცირდა. მესამე კვარტალში სამრეწველო გაზზე მოთხოვნა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 25%-ზე მეტად შემცირდა. IEA წერს, რომ გაზის გაძვირების გამო ევროპული სასუქების წარმოების მოცულობა 70%-ით შემცირდა, რაც აგრარულ სექტორზე „დამატებით ზეწოლას ახდენს.“
ევროპაში გაზზე მოთხოვნის ვარდნა წლის ბოლოს რვათვიანი კლების ტოლი იქნება, რაც 10%-ს შეადგენს. ევროკავშირი აგვისტოდან აპრილის დასაწყისამდე გაზის მოხმარების 15%-ით შემცირებას გეგმავს. IEA-ს პროგნოზით, ამ პერიოდში ევროპის სამრეწველო სექტორი გაზის მოხმარებას 20%-ით, ხოლო ენერგეტიკის სექტორი 3%-ით შეამცირებს. 2023 წელს OECD-ის ევროპულ ქვეყნებში გაზის მთლიანი მოხმარება კიდევ 3-4%-ით, 531 მილიარდ კუბურ მეტრამდე შემცირდება.
IEA წერს, რომ მართალია, სექტემბრის ბოლოსთვის ევროკავშირის საცავები, თითქმის, 90%-ით გაივსო, მაგრამ რუსეთიდან მიწოდების შეწყვეტის გამო მომავალ წელს მათი შევსება გართულდება. ამდენად, „გათბობის სეზონის ბოლომდე მიწოდების ადექვატურ დონეზე შესანარჩუნებლად და საცავებიდან ამოღების შესამცირებლად გაზის დაზოგვის ღონისძიებები გადამწყვეტი იქნება.“