საქართველოში საწვავზე ფასები მცირდება. კონკურეციის სააგენტოს ხელმძღვანელმა ირაკლი ლექვინაძემ განაცხადა, რომ ჯერ კიდევ აგვისტოში საწვავის ფასი საქართველოში 40-50 თეთრით შემცირდა და ეს ტენდენცია სექტემბერშიც გაგრძელდა. ირაკლი ლექვინაძის თქმით, არსებული მდგომარეობა იძლევა საშუალებას ვთქვათ, რომ ბაზარზე კონკურენცია გარკვეულწილად გაუმჯობესებულია.
„მე შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენი 7 თვის ანგარიშის შემდეგ დავიწყეთ საწვავის ბაზრის მოკვლევა. ამ პროცესის შემდეგ შემიძლია წინასწარ გითხრათ, რომ ბაზარზე გარკვეული გაუმჯობესება კონკურენციის კუთხით შეინიშნება. ამის თქმის საშუალებას რამდენიმე ფაქტორი მაძლევს, კერძოდ, თუ 5 მსხვილ რეალიზატორს შორის ფასთა შორის სხვაობები ერთი და იგივე ტიპის საწვავზე ადრე თუ იყო მინიმალური, დღეს საკმაოდ გაზრდილია ეს ფასთა შორის სხვაობები. დღესდღეობით, მაგალითად, საწვავის ყველაზე გავრცელებული ტიპი, რეგულარი რომ ავიღოთ, მისი ფასის დიაპაზონი 3,04 ლარიდან 3,4 ლარის ფარგლებში მერყეობს. მეორეს მხრივ, მცირე და მსხვილ ქსელებს შორის თუ ფასების დიაპაზონი იყო დაახლოებით 30-60 თეთრი, ახლა ეს დიაპაზონი შემცირებულია 20-25 თეთრამდე. ცხადია, ესეც გაუმჯობესებული კონკურენციის ნიშანია“- აღნიშნა ლექვინაძემ.