საქართველოში FedEx-ის ლიცენზირებული წარმომადგენლობა FDFC-ს თანაინვესტირებით ლოგისტიკურ ცენტრს ააშენებს.
26 ოქტომბერს, თბილისი მარიოტში ხელი მოეწერება საქართველოში FedEx-ის ლიცენზირებულ წარმომადგენლობისა და აშშ-ს საერთაშორისო განვითარების საფინანსო კორპორაცია (DFC-ს) შორის ფინანსურ შეთანხმებას, რომლის მეშვეობითაც საქართველოში საერთაშორისო სტანდარტების ლოგისტიკური ცენტრი აშენდება, რისი ანალოგიც საქართველოში ამ დრომდე არ არსებობს. თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი ლოგისტიკური ცენტრი თბილისის საერთაშორისო აეროპორტთან ახლოს, 10 000 კვ/მ-ზე 18 თვეში აშენდება. საქართველოს ლოგისტიკური ინფრასტრუქტურის განვითარებით და 150-მდე სამუშაო ადგილის შექმნით, რეგიონული ლოგისტიკური ცენტრი როგორც ქვეყნის, ისე ზოგადად, რეგიონის ეკონომიკურ განვითარებას შეუწყობს ხელს.
საქართველოში საერთაშორისო გადამზიდავი კომპანია FedEx-ის ლიცენზიანტმა „საინფორმაციო კომუნიკაციების სისტემები“, ფინანსური საკონსულტაციო კომპანია „Wings&Freeman Capital”-ის მხარდაჭერით, აშშ-ს საერთაშორისო განვითარების საფინანსო კორპორაციისგან (DFC) 4 მილიონი დოლარის მოცულობის გრძელვადიანი დაფინანსება მოიზიდა. მშენებლობაში „საინფორმაციო კომუნიკაციების სისტემებმა” ასევე საკუთარი საინვესტიციო კაპიტალის მობილიზებაც მოახდინა და პროექტის ჯამურმა საინვეტიციო მოცულობამ 6 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.
„საქართველოში ამ პროექტის ანალოგი არ არსებობს. ლოგისტიკური ცენტრი FedEx -ის გადაზიდვებს მოემსახურება, თუმცა მისი საკვანძო და მნიშვნელოვანი ფუნქცია იმაში მდგომარეობს, რომ პროექტი საქართველოში მოქმედ მცირე თუ დიდ კომპანიებს ლოგისტიკური სერვისის გატანის შესაძლებლობას მისცემს. შესაბამისად, კომპანიებს საკუთარი საწყობების შეძენა და მართვა არ მოუწევთ, რაც მათ დიდი თანხების ეკონომიის საშუალებას მისცემს. კომპანიებთან თანამშრომლობით ჩვენ ვაწარმოებთ მათი პროდუქციის შენახვას, აღწერას, ქსელის ყოველდღიურ მომარაგებას. მოხარულები ვართ, რომ საქართველოში პირველად მოვახდენთ ამ კონცეფციის დანერგვას“- აცხადებს „საინფორმაციო კომუნიკაციების სისტემების“ აღმასრულებელი დირექტორი, ქ-ნ ნინო მენთეშაშვილი.
ახალი ლოგისტიკური ცენტრი ასევე ხელს შეუწყობს საქართველოში ელექტრონული კომერციის განვითარებას, რადგან ახალი საწყობის მომსახურება დაკავშირებული იქნება ელექტრონულ პლატფორმებთან და პროდუქციის მიწოდება მაღაზიების ძალისხმევის გარეშე, ლოგისტიკის ცენტრის მეშვეობით მოხდება.