“საქართველოს ბანკი” WM-თან და SOLO-სთან ერთად საინტერესო კულტურული ღონისძიებების მხარდაჭერას განაგრძობს. ამ მიზნით, 10 ნოემბრიდან, საქართველოს ეროვნულ გალერეაში, მხატვარ კოკა რამიშვილის გამოფენა „სიცარიელე, როგორც მოტივი“ გაიხსნა. გამოფენა 2 დეკემბრამდე გაგრძელდება.
გამოფენა „სიცარიელე, როგორც მოტივი“ წარმოადგენს სიცარიელედან, დეკონსტრუქციიდან, სინათლისაგან და ფერისაგან გამოსახულების პოეტური ფორმირების პროცესს. გამოფენა მულტიდისციპლინარულია და გამოყენებულია, როგორც ფოტო, ვიდეო და ინსტალაცია, ასევე, ფერწერული ნამუშევრები. საგამოფენო სივრცის გათვალისწინებით და სიცარიელის თემის გამოსახატად, ხელოვანის შემოქმედებაში ნამუშევრები სპეციალურად მისი ცხოვრების სხვადასხვა პერიოდიდან შეირჩა. ზოგიერთი ნამუშევარი, როგორც „უკანასკნელი გალერეა“ ან „ორფეუსის წერილი ევრიკიდეს“ 1987-1991 წლების ინტერპრეტაციას წარმოადგენს.
კოკა რამიშვილი თბილისში დაიბადა, რომელიც ჟენევაში ცხოვრობს და მუშაობს. მის მიერ გამართულ რჩეულ გამოფენათა სიაში შედის: სოლო შოუები – „დამოუკიდებელი ორგანიზმი II“; „აეროლენდი“; „გამოსხივება“; „დახვრეტილი ეკრანი“; გალერეა „არტრა“ და სხვა.
კოკა რამიშვილმა საქართველო ვენეციის ბიენალეზე წარადგინა. მის მიერ მოპოვებული ჯილდოებია: ირენ რეიმონდის ფონდის პრიზი (ლოზანა, შვეიცარია, 2014) და ქალაქ ჟენევის მუნიციპალიტეტის გრანტი შემოქმედებითი პროცესების მხარდასაჭერად (ჟენევა, შვეიცარია 2013).