კალიფორნიის შტატის ქალაქებში დევისსა და სან-ფრანცისკოში, ქართული ღვინის რიგით მეხუთე ფორუმი ტარდება. ფორუმის ორგანიზატორია საქართველო-ამერიკის ბიზნეს საბჭო, მხარდამჭერები – ღვინის ეროვნული სააგენტო და ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს საელჩო
ფორუმის სამდღიანი პროგრამა მოიცავს „საფერავის ფესტივალს“, ქართული ღვინის დეგუსტაციას და სამეცნიერო კონფერენციას. წარმომადგენლობით კონფერენციაში, რომელიც ქალაქ დევისის რობერტ მონდავის ინსტიტუტში იმართება, მონაწილეობას მეცნიერები და ღვინის პროფესიონალები მიიღებენ.
დღის წესრიგი მოიცავს:ნქართული ღვინო გლობალურ ეკონომიკურ და საბაზრო კონტექსტში, ქართული ღვინის აშშ-ის ბაზარზე დამკვიდრების სტრატეგია, ქართული ღვინის მარკეტინკული პოტენციალი აშშ-ის ბაზარზე, ქართული ღვინის ინდუსტრიის მოკლე მიმოხილვა, ქართული ველური და კულტურული ჯიშების მახასიათებლები და სხვა.
„საქართველოს მეღვინეობასთან არამხოლოდ 8000-წლიანი ისტორია აკავშირებს, არამედ თანამედროვე, განვითარებული ღვინის ინდუსტრია და საუკეთესო ხარისხის მრავალფეროვანი ღვინოები. ხუთი წლის წინ, მსოფლიო სამეცნიერო საზოგადოებამ აღიარა, რომ მეღვინეობის უძველესი კვალი სწორედ საქართველოს ტერიტორიაზეა აღმოჩენილი, საიდანაც ის მთელ მსოფლიოში გავრცელდა. დღეს ქართული ღვინო განვითარებული, თანამედროვე ინდუსტრიაა. წლიდან წლამდე იზრდება ექსპორტირებული ქართული ღვინის რაოდენობა, საექსპორტო ქვეყნების გეოგრაფია და ღვინის ხარისხი. ამერიკის შეერთებული შტატები ქართული ღვინის სტრატეგიულ და მზარდ ბაზარს წარმოადგენს, მსგავსი მასშტაბის ღონისძიებები კი, ხელს უწყობს ქართული ღვინის ცნობადობისა და საექსპორტო პოტენციალის გაზრდას“, – აღნიშნა ლევან მეხუზლამ ქართული ღვინის ფორუმს ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე