გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით აღნიშნული მიმართულებით სესხების გაცემის მიზანია ფერმერებისათვის ერთწლოვანი კულტურების მოყვანისას საბრუნავი საშუალებების ხარჯის შემცირება და მეტი ხარისხიანი აგროპროდუქტის წარმოების ხელშეწყობა.
„შეღავათიანი აგროკრედიტის“ პროექტის ფარგლებში გაცემული სესხების მიზნობრიობა მოიცავდა: ერთწლოვანი კულტურების სათესი და სარგავი მასალის, პესტიციდების, ორგანული და მინერალური სასუქების, მცენარეთა დაცვის ბიოლოგიური საშუალებების, ტექნიკის საწვავ-საცხები მასალების შეძენაზე, ასევე, მუშახელისა და სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის დაქირავებაზე გაწეული ხარჯების დაფინანსებას.
„შეღავათიანი აგროკრედიტის“ ერთწლოვანი კულტურების დაფინანსების ქვეკომპონენტის ფარგლებში, საფინანსო ინსტიტუტების მიერ სესხები მიმდინარე წლის 22 მარტიდან 2022 წლის 31 ოქტომბრის ჩათვლით გაიცა
სამინისტროს განცხადებით, სოფლის განვითარების სააგენტო გაცემული სესხის 12 თვის პროცენტის თანადაფინანსებას ახორციელებს. სესხის წლიური საპროცენტო განაკვეთის მაქსიმალური ოდენობა 18%-ით არის დადგენილი, საიდანაც ნახევარს, წლიურ 9%-ს, სახელმწიფო აფინანსებს. პროექტის ფარგლებში, ერთ ბენეფიციარზე გაცემული სესხის თანხა 5,000 ლარიდან 100, 000 ლარის ჩათვლით იყო განსაზღვრული.