საფრანგეთში გაუქმდება ყველა რეისი, რომელთა შორის მგზავრობის დრო 2,5 საათს არ აღემატება
მგზავრებს ალტერნატივად ჩქაროსნული მატარებლების გამოყენება მოუწევთ, რომელთა მგზავრობის დროც პარიზიდან ლიონამდე 2 საათზე ოდნავ ნაკლებია, ხოლო იმავე რეისის ფრენასთან შედარებით, თითქმის, ერთი საათით მეტია, თუკი არ ჩაითვლება გზა აეროპორტამდე და უკან.რაც შეეხება პარიზიდან ბორდომდე მატარებლით მგზავრობას, მას 2-მეოთხედი საათი სჭირდება, რაც ფრენასთან შედარებით საათით მეტია. ამრიგად, იმის გათვალისწინებით, რომ აეროპორტებისგან განსხვავებით რკინიგზის სადგურები ქალაქების ცენტრში მდებარეობს, მატარებლითა და თვითმფრინავით მგზავრობის დრო, დაახლოებით, ერთნაირია-ინფორმაციას „ევროპულსი“ ავრცელებს.
ევროპის გარემოს დაცვის სააგენტოს (EEA) ბოლო ანგარიშის თანახმად, მატარებლით მგზავრობა ფრენაზე ეკოლოგიურად, თითქმის, ხუთჯერ უფრო სუფთაა. ამ მხრივ, ევროპის ქვეყნები სულ უფრო მეტად ამოტივირებენ თავიანთ მოქალაქეებს, ეკოლოგიურად სუფთა სამგზავრო საშუალება აირჩიონ.
დანია აპირებს, ქვეყნის აეროპორტების რეისებზე ყველა ბილეთზე სამგზავრო გადასახადი შემოიღოს. ახალი გადასახადი 1,75 ევროს შეადგენს. მთავრობის გეგმის მიხედვით, ამოღებული თანხა ადგილობრივ საავიაციო ინდუსტრიას მწვანე საწვავისკენ სწრაფვაში დაეხმარება. 2030 წელს ყველა დანიურმა თვითმფრინავმა ეკოლოგიური საწვავით უნდა იფრინოს, როგორიც არის ე.წ. მდგრადი საწვავი, რომელიც სითბური გაზების გამონაბოლქვს 80%-ით ამცირებს. ეს საწვავი მზადდება ნახშირორჟანგისა და წყლისგან ან ბიომასისგან, როგორიც არის გადამუშავებული ზეთები, ცხოველური ცხიმები, ცელულოზა და ა.შ. სამგზავრო გადასახადის სახსრები თვითმფრინავებიდან, თითქმის, 100 000 ტონა ნახშირორჟანგის ემისიების კომპენსირებას დაეხმარება.მსგავსი გადასახადი გერმანიაში, ინგლისში, ნორვეგიასა და შვედეთში უკვე მოქმედებს. ერთი წლის წინ „ევროპულსი“ წერდა, რომ ბელგიამ დამატებითი გადასახადი ბრიუსელიდან განხორციელებულ მოკლე ფრენებზე დააწესა, რომელიც 4-დან 6 ევრომდე შეადგენს და ყველა მგზავრზე ვრცელდება. გადასახადს ექვემდებარება ბილეთი, თუ დანიშნულების ქალაქი ბელგიის დედაქალაქიდან 500 კილომეტრზე ნაკლებ მანძილზე მდებარეობს, როგორიც არის, მაგალითად, ამსტერდამი, ლონდონი, პარიზი ან ციურიხი.