შავი ზღვა მნიშვნელოვანი საზღვაო ხიდია, რომელიც ხმელთაშუა ზღვის და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს აზიასთან და დანარჩენ მსოფლიოსთან აკავშირებს. შავ ზღვაში ამჟამად 65-მდე პორტია, რომელთაგან რამდენიმე უმსხვილესია.
კონსტანცას პორტი (რუმინეთი)
კონსტანცას პორტი უდიდესია, როგორც რუმინეთში, ასევე მთლიანად შავი ზღვის აუზში. 1909 წელს მოდერნიზაციის შემდეგ, ზღვის დასავლეთ ნაპირზე განთავსებული პორტი თითქმის მთელი ქვეყნის ტვირთების გატარებას უზრუნველყოფს.
2014 წლის მონაცემების მიხედვით, წლიურად გატარებული ტვირთის მოცულობა 55.641 მლნ ტონაზე მეტს შეადგენს. პორტის მფლობელი კონსტანცას საზღვაო პორტების ეროვნული კომპანიის ადმინისტრაციაა. მისი მთლიანი არეალი 38.26 კვადრატული კილომეტრია. 2022 წელს უკრაინული მარცვლეულის ექსპორტის დაწყების შემდეგ პორტის გამტარუნარიანობას პრობლემები შეექმნა პირველად წლების განმავლობაში.
სამსუნის პორტი (თურქეთი)
სამსუნის პორტი თურქეთისთვის შავ ზღვაზე გასასვლელი უმთავრესი წერტილი და უდიდესია ქვეყნის მასშტაბით – ის თურქეთს რეგიონის დანარჩენ 5 ქვეყანასთან აკავშირებს.
1953 წლიდან მოძრაობის ზრდის გამო თურქული პორტების ორგანიზაციამ ხელოვნური ნავსადგურის აშენება დაიწყო. პორტის მეშვეობით ხორციელდება სხვადასხვა ტიპის ტვირთის გადაზიდვა, როგორებიცაა პალეტები, ლითონის ნაწარმი და მილები, მარმარილო და სხვ. პორტს აქვს 45,000 კვადრატული მეტრის დაცული სათავსო და ღია სასაწყობე ეზოები, რომლებიც მოიცავს 330,000 კვადრატულ მეტრს.
პორტები და ნავმისადგომები თურქეთში სამი განსხვავებული ჯგუფის მფლობელობაშია. ესენია: სახელმწიფო კომპანიები, მუნიციპალიტეტები და კერძო კომპანიები. მთავარ პორტებს ქვეყანაში თურქეთის სახელმწიფო რკინიგზა ან საზღვაო ასოციაცია ფლობს. მუნიციპალიტეტის მფლობელობაში შედარებით პატარა პორტებია, კერძო მფლობელობაში მყოფი პორტები კი სპეციალური მიზნებისთვის იგება.
ოდესას პორტი (უკრაინა)
უკრაინის ქალაქ ოდესასთან ახლოს მდებარე პორტი უკრაინაში უდიდესია და 2022 წელს ომის გამო მის დახურვამდე 40 მილიონ ტონამდე ტვირთს ატარებდა. პორტი დაკავშირებულია რკინიგზასთან, რაც მის გამოყენებას კიდევ უფრო ხელსაყრელს ხდის. არსებული 7 ტერმინალი შორის გაზის, ნავთობის, კონტეინერების თუ სხვა ტიპის ტვირთისთვისაა განკუთვნილი. იახტების კომპლექტით, საკონცერტო დარბაზით და სასტუმროთი ეს პორტი ტურისტებისთვის ჩამოთვლილთაგან ყველაზე მეტად მიმზიდველია. პორტის მფლობელი უკრაინის საზღვაო პორტების ორგანიზაციაა, ოპერირებას კი ოდესას საზღვაო სავაჭრო პორტის სახელმწიფო კომპანია უწევს.
შავი ზღვის უმსხვილესი პორტების ჩამონათვალში შედის ბათუმის პორტი და ბულგარული პორტ ვარნა.