ამსტერდამის საქალაქო საბჭოს გადაწყვეტილებით, 2023 წლის აპრილიდან დაბალშემოსავლიანი მოქალაქეები საზოგადოებრივი ტრანსპორტით უფასოდ ისარგებლებენ. ინფორმაციას საინფორმაციო პორტალი NL Times ავრცელებს. გადაწყვეტილება საზოგადოებრივ ტრანსპორტზე ტარიფების სწრაფი ზრდის ფონზე მიიღეს. შეღავათით ის ადამიანები ისარგებლებენ, რომელთა ყოველთვიური შემოსავალი მინიმალური დონის 130%-ს არ აღემატება. საკრებულოს მონაცემებით, ინიციატივა სულ მცირე 95 000 ოჯახს შეეხება.
სოციალური ბილეთი დიდ ამსტერდამში ავტობუსით, ტრამვაითა და მეტროთი მგზავრობას უზრუნველყოფს. დღეში მაქსიმუმ რვა ასეთი ბილეთის შეკვეთა შეიძლება. მეტროპოლიტენის საქალაქო ტრანსპორტის დეპარტამენტის ინფორმაციით, ბილეთების ეს რაოდენობა ოთხსულიანი ოჯახის უფასო მგზავრობას უზრუნველყოფს.
ამსტერდამი ევროპაში მეექვსე ქალაქი გახდება, სადაც საზოგადოებრივ ტრანსპორტზე შეღავათები შემოიღეს. მანამდე უფასო მოგზაურობა მალტაში, ლუქსემბურგში, ბელგიის ჰასელტში, ტალინსა და საფრანგეთის დუნკერკში დაწესდა.