ევროპელების 52% ინტერნეტს სამედიცინო ინფორმაციის მოსაძებნად იყენებს, ხოლო 54% მსოფლიო ქსელში მუსიკის მოსასმენად შედის. „ევროპულსი“ ევროპის სტატისტიკის სააგენტოს Eurostat მონაცემებს ავრცელებს.
სამედიცინო ინფორმაციას ყველაზე მეტად ფინეთში, მოსახლეობის 81% ეძებს, შემდეგ ნიდერლანდები 78%-ით და მესამე ადგილს კვიპროსი 73%-ით მიკავებს. ამ მიზნით ინტერნეტს მთელ ევროკავშირში ყველაზე ნაკლებად რუმინეთში, მოსახლეობის 29% იყენებს. მის წინ არის გერმანია 37%-ით და ბულგარეთი 39%-ით.
ევროპელების 33% ინტერნეტს ექიმთან ვიზიტის დასანიშნად იყენებს, 24% თავის სამედიცინო ბარათს ათვალიერებს, ხოლო 18% დაავადების სადიაგნოსტიკო ონლაინ სერვისებს მიმართავს.
ფიზიკური აქტივობის ყველაზე ნაკლები მოყვარული პორტუგალიაში, საბერძნეთში, პოლონეთში, რუმინეთში, ბულგარეთში, უნგრეთში, იტალიასა და ლიეტუვაში ცხოვრობს. საერთო ჯამში, ევროკავშირის ქვეყნებში გამოკითხულთა 45%-მა აღიარა, რომ სპორტით არასდროს ყოფილა დაკავებული.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია (WHO) მოსახლეობას აფრთხილებს, რომ უმოძრაო ცხოვრების წესი, განსაკუთრებით არასწორ კვებასთან ერთად, ჭარბ წონას იწვევს, რაც თავის მხრივ, დიაბეტიდან კიბომდე უამრავი დაავადების გამომწვევია. ევროპის ქვეყნებში ადგილობრივი მოსახლეობის წახალისებას სხვადასხვა გზით ცდილობენ, რომ მოქალაქეებმა უფრო ხშირად ივარჯიშონ. მაგალითად, წლის დასაწყისში „ევროპულსი“ წერდა, რომ იტალიის აფთიაქებში მომხმარებლებისთვის „მოძრაობის აბების“ უფასოდ გაცემა დაიწყეს. მუყაოს კოლოფებში, წამლების შემცველი ბლისტერების ნაცვლად, სავარჯიშო დარბაზების, საცურაო აუზებისა და სპორტული კლუბების უფასო ყოველთვიური აბონემენტები იდო.