2023 წლისთვის გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტოს ბიუჯეტი, 2022 წლის დაზუსტებულ გეგმასთან შედარებით 10,1 %-ით გაიზარდა,რომელიც სააგენტოს მიერ მონიტორინგის, პროგნოზირებისა და შეფასებების მიმართულებების გაძლიერებას ითვალისწინებს. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
„სტიქიური ჰიდრომეტეოროლოგიური და გეოლოგიური მოვლენების დროული პროგნოზირება მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს კატასტროფების რისკის შემცირებას, ასევე, მოსახლეობისა და ინფრასტრუქტურული ობიექტების მაქსიმალურ დაცვას.
საქართველოში მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება ატმოსფერული ჰაერის ხარისხის დაბინძურება. აღნიშნული პრობლემის მოსაგვარებლად, ერთ-ერთი ყველაზე ეფექტიანი ინსტრუმენტი ჰაერის დაბინძურების მუდმივი მონიტორინგის წარმოებაა, რისთვისაც სააგენტო აგრძელებს აქტიურ მუშაობას და მონიტორინგის ქსელის გაფართოებას.
გარემოს დაცვა სახელმწიფო პოლიტიკის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა და, ბოლო წლების განმავლობაში, ამ მიმართულებით ბიუჯეტი სტაბილურად მზარდია“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.