ახალი ნორმა ჯერჯერობით ექსპერიმენტის სახით ერთი წლის განმავლობაში იმოქმედებს, ხოლო ალკოჰოლის რეალიზაციაზე 5%-იანი დამატებითი ღირებულების გადასახადი ძალაში რჩება.
Bloomberg-ის შეფასებით, სპარსეთის ყურის მეზობელი ქვეყნების, კერძოდ, საუდის არაბეთისა და კატარის მხრიდან მზარდი კონკურენციის პირობებში დუბაის მთავრობამ ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში არაერთი ახალი რეგულაცია შემოიღო, რომ ქალაქი საცხოვრებლად და სამუშაოდ უცხოელებისთვის უფრო მიმზიდველი გაეხადა. ამჟამად დუბაიში ალკოჰოლური სასმელები ფართოდ არის ხელმისაწვდომი, თუმცა რესტორნებში ერთი ჭიქა ლუდის ფასი 15 დოლარს, ღვინის ბოთლის კი 100 დოლარს აჭარბებს. ეს მოსახლეობას აიძულებს, სხვა ემირატებში გაემგზავრონ, სადაც ფასები გაცილებით დაბალია.
ლიცენზიები უფასო ხდება, თუმცა ალკოჰოლის შეძენა-მოხმარებაზე მისი მიღება აუცილებელია, რადგან არაბთა გაერთიანებულ საემიროებში მუსლიმებს ალკოჰოლის ყიდვის უფლება არ აქვთ. მანამდე ასეთი ლიცენზია, დაახლოებით, 70 დოლარი ღირდა.
უცხოელები არაბეთის გაერთიანებული საემიროების 10-მილიონიანი მოსახლეობის 80%-ზე მეტს შეადგნენ. საემიროებში დუბაი ყველაზე დიდი ქალაქია. ქვეყანაში უცხოელების მისაზიდად საემიროების მთავრობამ მანამდე არაერთი ზომა შემოიღო. კერძოდ, სამუშაო კვირა ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით დაწესდა, დაუქორწინებელი წყვილების ერთად ცხოვრებაზე აკრძალვა გაუქმდა, გამარტივდა საიმიგრაციო წესები, შემოიღეს „ოქროს ვიზები,“ რაც უცხოელებს საშუალებას აძლევს, იმუშაონ, იცხოვრონ და ისწავლონ ქვეყანაში სპონსორის არსებობის დადასტურების გარეშე.
Bloomberg-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით ალკოჰოლის გაყიდვაზე გადასახადი დუბაის მთავრობის შემოსავლის მნიშვნელოვანი წყარო იყო. მისი კლების 9%-ით კომპენსირებას მთავრობა ფედერალური კორპორატიული გადასახადით აპირებს, რომელიც ივნისიდან მოქმედებს.