მსოფლიოს წამყვანმა პრემიუმ კლასის ავტომობილების მწარმოებელმა გერმანულმა კომპანიებმა 2022 წლის გაყიდვების შესახებ ოფიციალური ინფორმაცია გამოაქვეყნეს, საიდანაც ირკვევა, რომ 2022 წელს BMW-მ საკუთარი ბრენდის ქვეშ 2,1 მლნ ავტომობილის რეალიზება შეძლო, რაც წინა წელთან შედარებით 5%-იანი კლებაა, მაშინ როცა Mercedes-ის გაყიდვები მხოლოდ 1%-ით შემცირდა 2,04 მილიონამდე.
ზედიზედ მეორე წელია ბავარიული BMW ინარჩუნებს ლიდერობას გაყიდვების კუთხით, თუმცა მისი მუდმივი კონკურენტი Mercedes-Benz 2021 წელთან შედარებით 2022 წელს ახერხებს სხვაობის შემცირებას
გერმანული ტრიოს მესამე წევრმა Audi-მ კი გასულ წელს 1,61 მლნ მსუბუქი ავტომობილის რეალიზება შეძლო (-3.9%). სამივე კომპანიისთვის კლების მეტი წილი მოდის ჩინეთის ბაზარზე, სადაც მკაცრი ლოქდაუნების გამო წინა წელთან შედარებით რეალიზება შემცირებულია, ამასთან, სულ უფრო მძაფრდება კონკურენცია ადგილობრივ ახალ ავტომწარმოებლებთან როგორებიცაა BYD Co., Xpeng Inc. და Nio Inc. ამას ემატება მძაფრი კონკურენცია ამერიკული Tesla-ს მხრიდან, რომელიც სულ უფრო იმყარებს პოზიციებს ჩინეთის ბაზარზე.
მიუხედავად კლებისა, გერმანელებმა შეძლეს ელექტრომობილების გაყიდვების გაორმაგება წინა წელთან შედარებით, ასე მაგალითად BMW-ს ელექტრომობილების გაყიდვებმა 215,755 შეადგინა (+107.7%), ხოლო Mercedes-ის გაყიდვებმა 117,800, რომელმაც ასევე ორჯერ მეტად გაზარდა ელექტრომობილების გაყიდვები (+124%). Audi-ს ელექტრომობილების გაყიდვები კი 44%-ით გაიზარდა.