ოქროს ფასი საერთაშორისო ბირჟაზე მკვეთრ ზრდას განაგრძობს და ამჟამად მისი ღირებულება 1920 დოლარზე მეტია. 1-კვირიან ჭრილში ოქრო 2.3%-ით, წლის ყველაზე დაბალ მაჩვენებელთან, 1 627 დოლართან შედარებით კი 18%-ითაა გაზრდილი.
ოქროს ფასის ზრდას განაპირობებს ინფლაციის დონის კლების ტემპი და ინვესტორების განწყობა, რომ აშშ-ს ფედერალური რეზერვი (Fed) საპროცენტო განაკვეთებს წინა გადაწყვეტილებასთან შედარებით ნაკლებად გაზრდის.
ლითონის ფასი აპრილიდან მოყოლებული საგრძნობლად, 1 627 დოლარამდე შემცირდა სწორედ ფედერალური რეზერვის აგრესიული მონეტარული პოლიტიკის გამო ინფლაციის მოსათოკად. Fed-ის მიერ საპროცენტო განაკვეთების ზრდა დოლარის გამყარებას იწვევს, ეს კი სხვა აქტივებზე, მათ შორის, ოქროზე უარყოფითად აისახება, რადგან ინვესტორები მათ გაყიდვას იწყებენ და სანაცვლოდ გამყარებულ ამერიკულ ვალუტას ყიდულობენ.
დოლარის კურსის ნაწილობრივ გაუფასურების შედეგად, რაც ქვეყნებს იმპორტირებულ პროდუქციას უიაფებს, ზოგიერთი ქვეყანა ოქროს მარაგებსაც ზრდის და ეს კიდევ ერთი დამატებითი ფაქტორია ფასების მატებისთვის.
ვერცხლი 24.4 დოლარი ღირს, პლატინა კი 1 071 დოლარი.