გორში 9 აპრილის სკვერში სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში მოეწყობა მემორიალი, თუჯის სკამები, ბეტონის ფილები და ბორდიურები.
მერიის ცნობით მემორიალი, რომლის ძირითადი მასალაც ლითონია, ეროვნული დროშის ფერებში იქნება წარმოდგენილი.
„ლითონის ფურცლებით დაფარული მსუბუქი კონსტრუქცია მონოლითურ ბეტონის საძირკველზე დამონტაჟდება. ფირფიტებზე დატანილი იქნება 9 აპრილს გარდაცვლილი 21 ადამიანის სახელი და გვარიც.
ხელშეკრულების მიხედვით, სამუშაოები მარტის ბოლოს უნდა დასრულდეს.
სკვერი, რომელიც გორში სამეფო ქუჩაზე მდებარეობს, რამდენიმე ათეული წლის წინ 1989 წლის 9 აპრილს საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით მოწყობილი მშვიდობიანი საპროტესტო აქციის დარბევის დროს გარდაცვლილთა ხსოვნის პატივსაცემად მოეწყო. ობიექტს მსგავსი სახის სარეაბილიტაციო სამუშაოები დღემდე არ ჩატარებია“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.