25 იანვრიდან 9.2%-ით მცირდება რუსული ხორბლის საექსპორტო გადასახადი, 18 იანვრიდან არსებულ ოდენობასთან შედარებით. ტონაზე მიმდინარე ბაჟი 4,719.4 რუბლიდან 4,283.2 რუბლამდე (68.50-დან 62.25 დოლარამდე) დაიწევს. სოფლის მეურნეობის სამინისტროს განცხადებას „ინტერფაქსი“ ავრცელებს.
ქერის გადასახადი ტონაზე 3,977.6-დან 3,083.7 რუბლამდე (57.80-დან 44.84 დოლარამდე), ხოლო ტონა სიმინდზე 1,174.6-დან 886.5 რუბლამდე (17.08-დან 12.89 დოლარამდე) შემცირდება.
გადასახადები საორიენტაციო ფასების მიხედვით გამოითვალა, რაც ტონა ხორბალზე იგივე დარჩა და ერთი კვირის წინანდელი ოდენობა, 309,5 დოლარი შეადგინა. თუმცა ტონა ქერზე საორიენტაციო ფასი 278,4-დან 267,9 დოლარამდე შემცირდა, ხოლო სიმინდზე, თითქმის, არ შეცვლილა და 221,4-დან 221,9 დოლარამდე უმნიშვნელოდ მოიმატა.
ახალი საბაჟო გადასახადები 31 იანვრის ჩათვლით იმოქმედებს.
2022 წლის 6 ივლისიდან რუსეთში მარცვლეულის გადასახადი დოლარის ნაცვლად, რუბლებში გამოითვლება. გადასახადების რუბლებში გამოთვლის შესახებ დადგენილება მთავრობამ 30 ივნისს მიიღო. ხორბლის საექსპორტო გადასახადის გამოსათვლელად საბაზისო ფასი ტონაზე 15 ათასი რუბლით (236 დოლარით), ქერსა და სიმინდზე კი 13,875 ათასი რუბლით (218 დოლარით) განისაზღვრა. საექსპორტო გადასახადი საბაზისო და საორიენტაციო ფასებს შორის სხვაობის 70%-ს წარმოადგენს.
2 ივნისიდან რუსეთის ფედერაციამ მარცვლეულის დემპფერის მექანიზმი შემოიღო, რომელიც ხორბლის, სიმინდისა და ქერის ექსპორტზე მცურავ გადასახადებს, ხოლო მათგან მიღებული სახსრების სოფლის მეურნეობის მწარმოებლების სუბსიდირებისთვის ჩაბრუნებას ითვალისწინებს. გადასახადების ოდენობა ყოველკვირეულად ფასების ინდიკატორებით გამოითვლება, რაც მოსკოვის ბირჟაზე რეგისტრირებულ საექსპორტო კონტრაქტების ფასებს ეფუძნება.