ბრიტანული ნავთობმომპოვებელი გიგანტის BP-ის თანახმად, პირველი ჭაბურღილის სიღრმე 7,000 მეტრს მიაღწევს, რათა რეზერვუარიდან ბუნებრივი აირის მოპოვება გახდეს შესაძლებელი. რეზერვუარის სავარაუდო ადგილმდებარეობა შაჰ დენიზის საბადოს ქვემოთაა. პროექტის განხორციელებას 1 წელი დასჭირდება და ამის შემდეგ გახდება ცნობილი, იქნება თუ არა შესაძლებელი მოპოვებული გაზის კომერციული მიზნებისთვის გამოყენება.
მეორე ჭაბურღილი 4,500 მეტრის სიღრმის იქნება, რეზერვუარის შესაძლო ადგილმდებარეობა კი აზერბაიჯანის მთავარი საბადოს, აზერი-შირაქი-გუნეშლის (ACG) ქვეშაა. მის დასრულების ვადად 3 თვე სახელდება. ღრმა წყალში ბურღვა განსაკუთრებით ძვირი ჯდება, თითოეული ჭარბუღილის გაყვანას მილიონობით დოლარი დასჭირდება.
ორი ახალი ჭაბურღილის გაყვანის გადაწყვეტილება ემთხვევა მოცემულობას, რომელშიც აზერბაიჯანი გაზს ირანიდან და რუსეთიდან ყიდულობს შიდა მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად და საექსპორტო კონტრაქტების შესასრულებლად. 5 წელში ბაქოში ევროპაში ექსპორტის გაორმაგებასაც ისახავენ მიზნად.
პირველი ჭაბურღილის გაყვანა წარმოების არსებული შეთანხმების პირობებში მოხდება. შეთანხმების მონაწილეები არიან ბაქო და კონსორციუმი, რომელშიც BP, აზერბაიჯანული SOCAR-ი, თურქეთისა და ირანის სახელმწიფო ნავთობის კომპანიები, TPAO და NICO, ასევე რუსული Lukoil-ი შედიან. ეს კი ნიშნავს იმას, რომ რეზერვუარიდან მოპოვებული ბუნებრივი აირის განმკარგველი სწორედ კონსორციუმი იქნება და ხარჯების დაფარვის საშუალება ამ რესურსის გაყიდვით მიღებული შემოსავლით შეეძლება.
ACG-ის საბადოს შემთხვევაში სიტუაცია უფრო კომპლექსურია. როგორც საბადოების უმეტესობა, ACG-ც დიდი მოცულობით გაზს აწარმოებს. მისი ნაწილი ნავთობის წარმოებისთვის გამოიყენება, ნაწილი კი მილსადენით სხვადასხვა მიმართულებით გაედინება.
წარმოების შეთანხმების შესაბამისად, საბადოდან მიღებული ნავთობი ACG კონსორციუმს ეკუთვნის. მისი წევრები BP, SOCAR, TPAO, Exxon Mobil და კიდევ ექვსი საერთაშორისო კომპანიაა, რომლებსაც წიაღისეული საწვავი გლობალურ ბაზრებზე გააქვთ. თუმცა, ბუნებრივი აირი, რომელიც ხმელეთით გადაიტვირთება, ეკუთვნის Socar-ს და აზერბაიჯანის ადგილობრივ მოსახლეობას ხმარდება.
გაზის დამატებითი მოცულობების აღმოჩენის შემთხვევაში, მის გასაყიდად ბაზრის მოძებნა რთული არ იქნება. რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის და სანქციების შედეგად ამოტრიალებული ენერგეტიკული ბაზრის ფონზე, აზერბაიჯანი უკვე აწვდის ბუნებრივ აირს საბერძნეთსა და ბულგარეთს, თუმცა ინტერესს სხვა სამხრეთ-აღმოსავლური ევროპის ქვეყნებიც გამოხატავენ.
ივლისში ბრიუსელსა და ბაქოს შორის გარდამტეხი შეთანხმება შედგა, რომელიც ითვალისწინებს აზერბაიჯანიდან ევროკავშირში გაზის ექსპორტის 20 მლრდ კუბურ მეტრამდე გაორმაგებას 2027 წლისთვის. მიუხედავად ამისა, გასულ წელს ევროპაში ექსპორტმა მხოლოდ 11.4 მლრდ კუბური მეტრი შეადგინა, წელს კი მაჩვენებლის 11.6 მლრდ კუბურ მეტრამდე გაზრდაა მოსალოდნელი.