2023 წლის იანვარში 3500 ტონა ხახვი შემოვიდა, მაშინ, როცა იანვარში იმპორტი, როგორც წესი, ორჯერ ნაკლებია და ამ მოცულობამდე თვიური იმპორტი, ჩვეულებრივ, მაისში იზრდება. მაისში საქართველოში ხახვის სეზონი მთავრდება და ქართველი მიმწოდებლების მარაგი მწირია, ხახვზე ადგილობრივი საბითუმო ფასები საგრძნობლად გაიზარდა. EastFruit-ის ფასების მონიტორინგის ინსტრუმენტის მონაცემებით, ამჟამად საქართველოში ხახვის საბითუმო ფასები ყველა დროის რეკორდულ დონეზეა. კილოგრამის საშუალო ფასი 2,3 ლარს (0,87 დოლარს) შეადგენს. იმპორტის ზრდასთან ერთად, ასეთი მაღალი ფასიც, როგორც წესი, უფრო მაისისთვის, ანუ სეზონის ბოლოსთვის არის დამახასიათებელი-ინფორმაციას პორტალი EastFruit საკუთარ კველვასა და სტატისტიკურ მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს.
იანვრში ხახვის იმპორტი, 2022 წლის დეკემბერთან შედარებით, 35%-ით გაიზარდა. ამასთან, ვაჭრობის ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, იანვარში, წინა თვესთან შედარებით, იმპორტის ფასები ოდნავ გაიზარდა, თუმცა გაცვლითი კურსის ცვლილებამ ეს სხვაობა მთლიანად გაათანაბრა.
მეზობელი ქვეყნები, საიდანაც ხახვი საქართველოში შემოვიდა:
- აზერბაიჯანი – 1599 ტონა (კილოგრამის CIF ფასი 0,38 დოლარი)
- რუსეთი – 1406 ტონა (კილოგრამის CIF ფასი 0,38 დოლარი)
- თურქეთი – 455 ტონა (კილოგრამის CIF ფასი 0,38 დოლარი)