- ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი უცვლელად, 11%-ზე შეინარჩუნა;
ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი უცვლელად, 11%-ზე დატოვა. სებ-ის შეფასებით, ქვეყანაში ინფლაციური მოლოდინები მცირდება, თუმცა ამის მიუხედავად, ჯერჯერობით რეფინანსირების განაკვეთის შემცირების საჭიროება დღის წესრიგში არ დგას. ამასთან, ნარჩუნდება მაღალი გაურკვევლობაც. ეროვნული ბანკი რეფინანსირების განაკვეთის შემცირებას წლის მეორე ნახევრიდან პროგნოზირებს
- იანვარში ინფლაციამ 9.4% შეადგინა;
საქსტატმა იანვრის თვის ინფლაციის ანგარიში გამოაქვეყნა, მისი მიხედვით, გასულ თვეში ქვეყანაში წლიური ინფლაციის დონემ 9.4% შეადგინა. ეს მაჩვენებელი დეკემბერში დაფიქსირებულ 9.8%-ზე ნაკლებია, თუმცა ის სებ-ის სამიზნე 3%-ს სამჯერ აღემატება. ინფლაციაზე ყველაზე დიდი გავლენა კვლავ სურსათის გაძვირებამ მოახდინა, სადაც წლიურ ჭრილში ფასები 15%-ით არის გაზრდილი.
- საქართველო ევროინტეგრაციის პროცესში – ევროკომისიის ანგარიში
ევროკომისიამ საქართველოს შესახებ გასულ კვირას ანალიტიკური ანგარიში გამოაქვეყნა – მასში ევროკავშირის მიერ განსაზღვრული ექვსი ძირითადი კლასტერის მხრივ ქვეყნის მომზადების დონე არის განხილული. ევროკომისიის შეფასებით, საქართველოს უკეთესი მზაობის დონე აქვს ვიდრე მოლდოვას, თუმცა უკრაინას რამდენიმე სფეროში არსებული ვითარებით ჩამორჩება
- ქვეშეთი-კობის გვირაბში 5 კილომეტრი უკვე გაყვანილია
ქვეშეთი-კობის უნიკალური გვირაბის 5 კილომეტრი უკვე გაჭრილია, – ინფორმაცია აღნიშნულია მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ პრესრელიზში. ქვეშეთი-კობის პროექტის ფარგლებში, ჯამში აშენდება 23 კმ-იანი 2 ზოლიანი ასფალტ-ბეტონის გზა, 5 ხიდი და 5 გვირაბი. მათ შორის, 9 კმ სიგრძისა და 15 მ დიამეტრის გვირაბი.
- სებ-მა სავალუტო რეზერვების შესავსებად დეკემბერში 91 მილიონი დოლარი შეისყიდა
ეროვნულმა ბანკმა სავალუტო ბაზრის დეკემბრის თვის ანგარიში გამოაქვეყნა. დოკუმენტის მიხედვით, პერიოდის განმავლობაში სებ-მა Bmatch პლატფორმის მეშვეობით სავალუტო ბაზრიდან $91.5 მილიონი შეისყიდა, წლის მეოთხე კვარტალში კი ჯამურად შესყიდვებმა $301 მილიონი შეადგინა. ინტერვენციების შედეგად, საქართველოს სავალუტო რეზერვებმა $4.9 მილიარდ დოლარს მიაღწია.