კომპანია Apple-ი კვარტალურ შედეგებს ასაჯაროებს – ფინანსური ანგარიშგებიდან ირკვევა, რომ გასული წლის IV კვარტალში კომპანიამ 117 მილიარდი დოლარის შემოსავლები მიიღო, რაც 5.5%-ით ნაკლებია 2021 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე და $4 მილიარდით ჩამოუვარდება ანალიტიკოსების პროგნოზს.
პლანეტის უმსხვილესი ტექნოლოგიური კომპანიის პროდუქტებისა და სერვისების მიხედვით შემოსავლები:
iPhone – $65.8 მლრდ (-8.2% წ/წ)
iPad – $9.4 მლრდ (-29.7% წ/წ)
სერვისები – $20.8 მლრდ (+6.4% წ/წ)
სხვა პროდუქტები – $13.5 მლრდ (-8.3% წ/წ)
კომპანიის ხელმძღვანელის, ტიმ კუკის განცხადებით, მიწოდების ჯაჭვის პრობლემა მხოლოდ დროებითია, რომლის გამოსწორების მიმართულებით ქმედითი ნაბიჯები აქტიურად იდგმება, მათ შორის, კომპანია საწარმოო პროცესის დივერსიფიცირებას და ქარხნების ნაწილის ინდოეთში გადატანას ცდილობს.
არასახარბიელო შედეგები, ბუნებრივია, კომპანიის აქციების ღირებულებაზე ნეგატიურად აისახა, გასულ 24 საათში Apple-ის კაპიტალიზაცია 3.2%-ით შემცირდა. მიუხედავად ამისა, Apple-ი მაინც მყარად ინარჩუნებს მსოფლიოს ყველაზე ძვირად ღირებული კომპანიის სტატუსს, მისი საბაზრო კაპიტალიზაცია კი ამჟამად 2.39 ტრილიონ დოლარს შეადგენს.