ქსელურ მარკეტებზე ფასნამატის მხოლოდ 20-25% მოდის დანარჩენი კი დისტრიბუტორებსა და იმპორტიორებზე
თემა აქტუალურობას ის ფაქტი განაპირობებს, რომ საქართველოს პრემიერ მინისტრმა არნიშნა, რომ პირველადი მოხმარების პროდუქცია თითქმის 100%-იანი ფასნამატით იყიდება და თემის გამოსასწორებლად ეკონომიკურ გუნდს 2 კვირა მისცა და იმპორტიორების დაბარება დაავალა.
მაღალ მარჟას არავინ უარყოფს, თუმცა იმპორტიორები მიზეზად რითეილერების მოთხოვნებს ასახელებენ, რითეილერთა ასოციაცია კი ამბობს, რომ მარჟის 70-80% დისტრიბუტორებსა და იმპორტიორებზე მოდის.
„სრულიად რითეილ სექტორის სახელით ვერ ვისაუბრებ, მაგრამ ასოციაციაში გაწევრიანებული 12 ქსელური მარკეტი მუშაობს 20-25% მარჟაზე. ამას ადასტურებს კონკურენციის სააგენტოს მიერ ბოლოს გამოქვეყნებული პირველადი კვლევის შედეგებიც, სადაც წერია, რომ დისტრიბუტორების და იმპორტიორების მარჟა 70-80%-ია, ხოლო რითეილერების 20-25%. კიდევ უფრო დაბალია მარჟა პირველადი მოხმარების პროდუქტებზე და იმედია, სულ მალე ამაზეც იქნება სააგენტოს კვლევა და შევძლებთ ისევ რიცხვებით საუბარს. შესაბამისად, რითეილ სექტორზე გადმობრალება არამართებულია.
პრემიერის განცხადების ადრესატიც ჩვენ არ ვყოფილვართ, გარკვევით მიმართა იმპორტიორებსა და დისტრიბუტორებს. რომ ყოფილიყო ჩვენი მისამართით, აუცილებლად გვახსენებდა ჩვენც“, – განაცხადა რითეილ ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა სოფიო ქაშაკაშვილმა