ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული უძრავი ქონების დეველოპმენტის სექტორის კვლევის მიხედვით თბილისში 1 კვადრატული საცხოვრებელის ფასი ყველაზე მეტად თეთრი კარკასის პროექტებზე გაიზარდა.
„შერჩევაში მოხვედრილი თბილისის პროექტების მიხედვით 1 კვ.მ. საცხოვრებელი ფართის ფასი საშუალოდ ყველაზე მეტად თეთრი კარკასით ჩასაბარებელ ბინებზე გაიზარდა. მაგალითად, ვაკეში თეთრი კარკასის ფასის საშუალო ზრდამ (აშშ დოლარში გამოსახული) 2022 წლის დასაწყისიდან სექტემბრამდე 46%-ს მიაღწია და 1 200 დოლარიდან 1 752 დოლარამდე გაიზარდა.
ბათუმის სანაპირო ზოლში კი შავ კარკასზე ფასის 52%-იანი ზრდით საცხოვრებელი ფართის ღირებულებამ 1 073 დოლარს მიაღწია. აღსანიშნავია, რომ ეს უბნები ფასის არა მარტო მაღალი პროცენტული ზრდით, არამედ ნომინალითაც ლიდერები არიან. ამასთან მნიშვნელოვანია მშენებარე ფართის ფასის ცვლილებისას გათვალისწინებულ იქნას მისი სპეციფიკურობა მეორად (მშენებლობა დასრულებულ) ფართებთან შედარებით.
მშენებლობის საწყის ეტაპზე დაუსრულებლობის რისკის გამო ფასი უფრო დაბალია, ხოლო როდესაც რამდენიმე თვის შემდეგ ამ ფართის ფასის ზრდას ვაკვირდებით, ნაწილობრივ ეს გამოწვეულია საბაზრო პირობებით, ნაწილობრივ კი იმ დაუსრულებლობის რისკის შემცირებით, რომელიც მშენებლობის პროცესის წინსვლასთან ერთად კლებულობს. ასევე ფასი მით უფრო მაღალია, რაც ნაკლებია ჩაბარებამდე დარჩენილი დრო,“- ნათქვამია სებ-ის ინფორმაციაში.