საქართველოში უმაღლესი ევროპული სტანდარტების პენიტენციური დაწესებულება იხსნება. დაბა ლაითურის №1 პენიტენციურ დაწესებულებაში დასკვნითი შიდამოწყობითი სამუშაოები მიმდინარეობს – ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.
სამინისტროს ინფორმაციით, ლაითურის ციხე მცირე ზომის პენიტენციური დაწესებულებაა და გათვლილია 700-მდე პატიმარზე.
„საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვისა და მსჯავრდებულთა/ბრალდებულთა საცხოვრებელი პირობების უმაღლესი სტანდარტებით უზრუნველყოფა, ასევე, სპეციალური პენიტენციური სამსახურის თანამშრომლების სამუშაო გარემოზე მუდმივი ზრუნვა – იუსტიციის სამინისტროს ერთ-ერთი ძირითადი პრიორიტეტია. ლაითურის ახალი პენიტენციური დაწესებულებაც სწორედ ამ მიზანს ემსახურება. ის სრულად მორგებულია როგორც ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა, ისე დაწესებულების თანამშრომელთა საჭიროებებს.
ლაითურის პენიტენციური დაწესებულება მიმდინარე წელს გაიხსნება, სადაც 500-მდე ადამიანი დასაქმდება, მათ შორის, ადგილობრივი მაცხოვრებლებიც,“ – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.