2023 წლის თებერვლის მდგომარეობით, მსოფლიოში პურზე ყველაზე დაბალი ფასის მიხედვით საქართველო 107 ქვეყნიდან 25-ე ადგილზეა. ინფორმაცია სამომხმარებლო ფასების, კრიმინალის მაჩვენებლის, ჯანდაცვის ხარისხისა და სხვა სტატისტიკის გლობალურ მონაცემთა ონლაინ ბაზის, Numbeo-ს რეიტინგში წერია.
Numbeo-მ 107 ქვეყნის რეიტინგი 500-გრამიანი თეთრი პურის ფასების მიხედვით შეადგინა, რომელშიც საქართველო 0,65-დოლარიანი ფასით არის წარმოდგენილი.
მსოფლიოში ყველაზე დაბალი ფასი ნახევარკილოგრამიან პურზე ტუნისში დაფიქსირდა, რამაც 0,14 დოლარი შეადგინა. შემდეგი არის ალჟირი – 0,16 დოლარით და ლიბია – 0,34 დოლარით. პირველ ხუთეულს ცენტრალური აზიის პოსტსაბჭოთა ქვეყნები, უზბეკეთი (4) და ყაზახეთი (5) ხურავენ, სადაც 500 გრ თეთრი პური თანაბრად 0,37 დოლარი ღირს.
პური ყველზე ძვირი აშშ-შია და 3,26 დოლარი ღირს. შესაბამისად, შეერთებული შტატები ბოლო, 107-ე ადგილზეა. თითქმის, აშშ-ის ფასის მსგავსია შვეიცარიის მონაცემი. ქვეყანა 3,20- დოლარიანი ფასით რეიტინგში 106-ე ადგილზეა. სიის ბოლო ხუთეულში არიან, ასევე, ისლანდია (105) – 2,96 დოლარით, ნორვეგია (104) – 2,87 დოლარით და დანია (103) – 2,84 დოლარით.
საქართველო 500 გრ თეთრი პურის სიიაფით მხოლოდ სომხეთს უსწრებს, რომელიც 0,66-დოლარიანი ფასით ერთი პოზიციით ქვემოთ, 26-ე ადგილზეა. საქართველოზე წინ არიან რუსეთი (21) – 0,61 დოლარით, თურქეთი (11) – 0,43 დოლარითა და აზერბაიჯანი (6) – 0,39 დოლარით.
ქვეყნების, სადაც 500 გრ თეთრი პური ყველაზე იაფია:
- ტუნისი – 0,14 დოლარი
- ალჟირი – 0,16 დოლარი
- ლიბია- 0,35 დოლარი
- უზბეკეთი – 0,37 დოლარი
- ყაზახეთი – ასევე, 0,37 დოლარი
- აზერბაიჯანი – 0,39 დოლარი
- პაკისტანი – 0,40 დოლარი
- ეგვიპტე – 0,41 დოლარი
- მაროკო – 0,42 დოლარი
- მოლდოვა – 0,43 დოლარი