ნორვეგიის სიდიდით მეორე ქალაქ ბერგენში მსოფლიოს ყველაზე გრძელ საცალფეხო და ველოგვირაბს გახსნიან. ინფორმაციას Euronews ავრცელებს.
2,9 კმ სიგრძის გვირაბი 15 აპრილს გაიხსნება. მასში ველოსიპედით გავლას, დაახლოებით, 10 წუთი, ხოლო ფეხით გასეირნებას 30-დან 45 წუთამდე სჭირდება. პროგრამის მიზანია, ავტომობილის მართვასა და ველოსიპედითა თუ ფეხით სიარულს შორის არჩევანის გაკეთება უფრო მეტ ადამიანს გაუადვილოს, რაც ქალაქში მოძრაობისა და მავნე გამონაბოლქვის შემცირებას შეუწყობს ხელს.
გვირაბი სამხრეთ-დასავლეთ ნორვეგიაში, ლევსტაკენის მთას კვეთს და ფილინგსდალენისა და მინდემირენის საცხოვრებელ უბნებს ერთმანეთთან აკავშირებს. ველოსიპედისტები ბერგენის ცენტრისკენ მოძრაობას, ახალთან ერთად, არსებული მარშრუტებითაც შეძლებენ.
აშშ-ში, სიეტლის რაიონში მდებარე 3,6-კილომეტრიანი გვირაბის შემდეგ ბერგენის ველოგვირაბი მსოფლიოში სიგრძით მეორეა. გვირაბიც და ბერგენის ცენტრისკენ მიმავალი ამ ველომარშრუტის დანარჩენი ნაწილი სახელმწიფოს მიერ მხარდაჭერილი მუნიციპალური პროგრამა Miljøløftet-ით („ეკოლოგიური დაპირება“) ფინანსდება.
2022 წლის დეკემბრის მონაცემებით, ნორვეგიაში პირველად ავტომანქანების 20% ელექტრომობილი იყო. მათი პროცენტული მაჩვენებელი ბოლო სამი წლის განმავლობაში გაორმაგდა.