დედაქალაქის ვიცე-მერის ირაკლი ხმალაძის განცხადებით, მეტროსადგური „გოცირიძე“ დაახლოებით, ერთ კვირაში გაიხსნება.მეტროსადგური ამჟამად ექსპლუატაციაში მიღების ბოლო ეტაპზეა.
„ბოლო სტადიაზეა, ექსპლუატაციაში მიღების ეტაპზე ვართ. დღეს ვიღებთ საგანგებო სიტუაციების სამსახურიდან დასკვნას, სახანძრო უსაფრთხოებასთან დაკავშირებით, რომელიც ეკონომიკის სამინისტროს ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის ინსპექციაში გადაიგზავნება. ჩემი ვარაუდით, დაახლოებით ერი კვირის განმავლობაში ექსპლუატაციაში უნდა მივიღოთ და გავხსნათ“, -განაცხადა ხმალაძემ.
მეტროსადგური „გოცირიძე“ მგზავრებს 2021 წლის 8 თებერვლიდან ვერ ემსახურება. მოძრავი შემადგენლობები თბილისის მეტროს პირველ ხაზზე, მეტროსადგურ „გოცირიძეზე“ არ ჩერდებიან. მიმდინარე სრულმასშტაბიანი სარემონტო-სარეკონსტრუქციო სამუშაოების გამო, თავდაპირველად, სადგურის სამი თვის განმავლობაში დაკეტვა იყო დაანონსებული, თუმცა, მოგვიანებით ეს ვადა გახანგრძლივდა.