რამდენჯერმე გადავადებული პროექტი კიდევ ერთხელ განახლდა, ქართული კონცეფციით შექმნილი ველოსიპედების ქარხანა გაიმართება და მალე ადგილობრივი წარმოების ველოსიპედი იქნება
“Georgian Bicycle Group”-ის მთავარი მექანიკოსის დავით ბერუაშვილის განცხადებით ამ დროისთვის ველობაზა აქვთ შექმნილი და ველოსიპედების წარმოებაც დაწყებულია. თუმცა, ქარხნის მშენებლობას 2 წელი მაინც დასჭირდება.
“ამ ეტაპზე მოწინავე ქვეყნების ბრენდებთან მიმდინარეობს მოლაპარაკება, იმისთვის რომ მოგვაწოდონ ის საჭირო მასალები, რითიც შესაძლებელი იქნება ველოსიპედების აწყობა. მაღალი ხარისხის ველოსიპედების წარმოება როგორც წესი, უმეტესად ხდება ტაივანში, ჩვენც გვინდა, რომ ბაზარზე მაღალი ხარისხის ველოსიპედებით შემოვიდეთ, ამიტომ მასალების იმპორტს იმ ქვეყნებიდან განვახორციელებთ, სადაც ხარისხი დამაკმაყოფილებელი იქნება. რაც შეეხება ქარხნის მშენებლობის ვადებს, პანდემიამ ძალიან შეგვაფერხა, თუმცა დავიწყეთ უკვე მოლაპარაკებები ქარხნებთან და მაქსიმუმ ორ წელიწადში საქართველოს უკვე ექნება ადგილობრივი წარმოების ველოსიპედების ქარხანა. მთავარია, რომ ველობაზა უკვე მზად გვაქვს, სადაც ახლაც არის შესაძლებელი ქართული ველოსიპედის აწყობა, ამიტომ პირველ ეტაპზე, მოლაპარაკებების დადებითად დასრულებას ველოდებით”, – აღნიშნა დავით ბერუაშვილმა.