პირველი აპრილიდან A კატეგორიის ტაქსის ნებართვების გაცემის განსხვავებული მოდელი ამოქმედდება და ერთჯერადად გაიცემა უვადო ნებართვები.
„20 მარტიდან შეწყდება ძველი სისტემით A კატეგორიის ტაქსის ნებართვების გაცემა და პირველი აპრილიდან ახალი, განსხვავებული მოდელი ამოქმედდება. პირველ აპრილს ერთჯერადად გაიცემა უვადო ნებართვები, რომლის გაყიდვას, ყიდვას, იჯარით გაცემას თვითონ შეძლებენ ნებართვის მფლობელები. თბილისის მერია ნებართვებს მეტად აღარ გასცემს. ეს ნებართვები მოქალაქეებს მუდმივ საკუთრებაში დარჩებათ და შემდეგ მიიღებენ გადაწყვეტილებას, გააგრძელონ მუშაობა, იჯარის წესით გადასცენ ნებართვა ვინმეს თუ გაყიდონ“, – აღნიშნა დედაქალაქის მერმა.
A კატეგორიის ტაქსის მძღოლებს, რომლებიც 20 მარტამდე მუნიციპალიტეტს არ მიმართავენ, უვადო ნებართვებს ვეღარ მიიღებენ.
„ვინაიდან, ნებართვის გაცემის შესაძლებლობა ამით ამოიწურება, მოვუწოდებ იმ პირებს, რომლებიც A კატეგორიის ტაქსებს მართავენ და არასდროს აუღიათ ნებართვა, 20 მარტამდე მიმართონ მუნიციპალიტეტს და ძველი სისტემით გათვალისწინებული A კატეგორიის ნებართვა აიღონ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ისინი პირველ აპრილს უვადო ნებართვებს ვეღარ მიიღებენ“, – განაცხადა თბილისის მერმა.