უნგრულმა კომპანია MOL-მა თავისი სლოვაკური ქარხნისთვის ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის (ბთჯ) მილსადენით ნავთობის პირველი პარტია მიიღო. ბრატისლავაში მდებარე გადამამუშავებელ ქარხანაში სხვადასხვა ტიპის საწვავის წარმოებისთვის კომპანიამ აზერბაიჯანული ნავთობის გამოყენება დაიწყო. ინფორმაციას Report-ი კომპანიის პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.
Azeri Light-ის კლასის ნავთობის პარტია ბრატისლავის ქარხანას კასპიის შელფზე მდებარე აზერი-ჩირაგ-გიუნეშლის საბადოებიდან მიეწოდება. MOL, როგორც საერთაშორისო კონსორციუმის წევრი კომპანია, ამ საბადოების განვითარებაში მონაწილეობს.
ნავთობი საზღვაო საბადოდან ჯერ ბაქოს მახლობლად მდებარე სანგაჩალის ტერმინალს მიეწოდება, რის შემდეგაც ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენით ხმელთაშუა ზღვის თურქულ პორტ ჯეიჰანამდე გადაიქაჩება. MOL, ასევე, ბთჯ-ის მაგისტრალური ნავთობსადენის აქციონერია, რომლის წილიც 8,9%-ს შეადგენს.
ჯეიჰანის პორტიდან 90 ათასი ტონა ნედლი ნავთობი ტანკერ Seavelvet-ით ხორვატიის პორტ ომიშალამდე გადაიზიდა, რის შემდეგაც ადრიატიკის მილსადენით სლოვაკეთში, MOL-ის შვილობილი კომპანია Slovnaft-ის გადამამუშავებელ ქარხანაში ტრანსპორტირდება.
MOL აცხადებს, რომ ბრატისლავის გადამამუშავებელი ქარხნისთვის აზერბაიჯანული ნავთობის მიწოდება კომპანიას საშუალებას მისცემს, შექმნას ახალი წარმოების ჯაჭვი ნედლეულის მოპოვებიდან მზა ნავთობპროდუქტების რეალიზაციამდე.