მოსავლის აღების შემდეგ მარცვლოვანი მცენარეების ნაწვერალისთვის ცეცხლის წაკიდებაზე ჯარიმა წესდება,რომელსაც გულისხმობს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ შემუშავებული კანონპროექტი, რომელიც პარლამენტში უკვე წარდგენილია.
კანონპროექტის თანახმად, მიწის ნაკვეთზე არსებული მარცვლოვანი მცენარეების ნაწვერალისთვის ცეცხლის წაკიდება, გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით თითოეულ ჰექტარ გადამწვარ მიწის ნაკვეთზე, ხოლო იურიდიული პირი 2 000 ლარით დაჯარიმდება თითოეულ ჰექტარ გადამწვარ მიწის ნაკვეთზე.
„ბოლო დროს გახშირებულია შემთხვევები, როდესაც სასოფლოსამეურნეო სავარგულების მფლობელები, მოსავლის აღების შემდგომ ახდენენ მიწის ნაკვეთზე დარჩენილი ნაწვერალისთვის ცეცხლის წაკიდებას დაწვის მიზნით, რაც დიდ ზიანს აყენებს როგორც ნიადაგს ასევე გარემოს, არსებობს მიმდებარე ნაკვეთებზე, მინდვრებზე, ტყეებზე ან დასახლებულ პუნქტებზე ხანძრის გავრცელების ძალიან დიდი ალბათობა, რამაც შესაძლებელია შეუქცევადი შედეგები გამოიღოს. მიზანშეწონილია ასეთი ქმედებისათვის არსებობდეს შემაკავებელი ეფექტის მქონე მკაცრი ადმინისტრაციული ჯარიმა,“- ნათქვამია პროექტის განმარტებით ბარათში.
ცვლილების თანახმად, 1 ჰექტრამდე მიწის ნაკვეთის გადაწვის შემთხვევაში, სამართალდამრღვევს დაეკისრება 1 ჰექტარი მიწის გადაწვისთვის ამ მუხლით დადგენილი ჯარიმა, ხოლო 1 ჰექტარზე ზემოთ – ფაქტობრივად გადამწვარი მიწის ნაკვეთის ფართობის შესაბამისად.