მსოფლიო ბანკის სასურსათო უსაფრთხოების ახალი მიმოხილვის მიხედვით ადგილობრივი ინფლაცია მთელ მსოფლიოში კვლავ მაღალ დონეზე რჩება. 2022 წლის ოქტომბრიდან 2023 წლის თებერვლის პერიოდის მონაცემები აჩვენებს, რომ ინფლაციის დონე 5%-ზე მეტია დაბალშემოსავლიანი ქვეყნების 88.2%-ში, დაბალი-საშუალო შემოსავლის მქონე ქვეყნების 93%-ში და საშუალოზე მაღალი შემოსავლის მქონე ქვეყნების 89%-ში. ბევრ ქვეყანაში სამომხმარებლო ფასები ორნიშნა ტემპით იზრდება და განსაკუთრებით მაღალია სასურსათო ინფლაცია.
გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) ბოლო ანგარიშის მიხედვით, ზედიზედ 11 თვეა საკვები პროდუქტების საერთაშორისო ფასების საორიენტაციო ინდექსი მცირდება. FAO-ს სურსათის ფასების ინდექსი თებერვალში საშუალოდ 129.8 პუნქტს შეადგენდა, რაც 0,6 პროცენტით ნაკლებია 2023 წლის იანვართან შედარებით და 18.7%-ითაა შემცირებული 2022 წლის მარტის პიკის შემდეგ.
გაეროს ვაჭრობისა და განვითარების კონფერენციის (UNCTAD) 2023 წლის მარტის ანგარიშში ხაზგასმულია, რომ შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივამ ხელი შეუწყო სურსათის ღირებულების შემცირებას და გლობალური ბაზრების სტაბილიზაციას. 2023 წლის 5 მარტის მდგომარეობით, ინიციატივით ექსპორტირებული იყო 23 მილიონ ტონაზე მეტი მარცვლეული. შეთანხმებით ყველაზე მეტად ისარგებლეს განვითარებადმა ქვეყნებმა, რომლებმაც სურსათის ექსპორტის 49% ამ ინიციატივის ფარგლებში განახორციელეს. ექსპორტის უმეტესი ნაწილი, 77%, სიმინდსა და ხორბალზე მოდის.
2022 წლის სასურსათო კრიზისის შესახებ გლობალური მოხსენების თანახმად, სავარაუდოდ, 205 მილიონამდე ადამიანი განიცდის სასურსათო უსაფრთხოების მწვავე პრობლემებს და საჭიროებს სასწრაფო დახმარებას 45 ქვეყანაში.