სატელეკომუნიკაციო კომპანია “ბილაინი” სახელს იცვლის და დღეიდან კომპანია თავის აბონენტებს “სელფის” სახელით მოემსახურება.
beeline.ge-ზე შესვლისას მომხმარებელი ავტომატურად გადამისამართდება ახალ ვებსაიტზე, cellfie.ge-ზე.
“ჩვენ გვესმის, რომ ცვლილებამ შეიძლება ბევრი კითხვა გაგიჩინოთ. გარწმუნებთ, რომ ახალ ბრენდზე გადასვლა არ შეგიქმნით დისკომფორტს. თქვენგან არ იქნება საჭირო რაიმე მოქმედების შესრულება. ნომრით და ჩართული მომსახურებებით სარგებლობას ჩვეულ რეჟიმში განაგრძობთ”, – წერია კომპანიის სახელით გავრცელებულ განცხადებაში.
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2021 წლის ანგარიშის მიხედვით, მობილური ოპერატორების წილი ასე იყო გადანაწილებული: “მაგთიკომი” – 42%, “სილქნეტი” – 33%, ხოლო “ვიონი საქართველო” (“ბილაინი”) – 25%.
“ბილაინს” შპს “ვიონი საქართველო” ფლობს, რომლის მესაკუთრეები ვირჯინიის კუნძულებზე რეგისტრირებული კომპანიები არიან. მანამდე კომპანია ბიზნესმენ ხვიჩა მაქაცარიას ეკუთვნოდა.