Forbes მსოფლიოს ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერად 18 წლის იტალიელს, კლემენტე დელ ვეკიოს ასახელებს, რომელიც სათვალეების მწარმოებელი უმსხვილესი გლობალური კომპანიის, Luxottica-ს დამფუძნებლის, ლეონარდო დელ ვეკიოს უმცროსი შვილია.
Luxottica-ს ეკუთვნის ისეთი ცნობილი ბრენდები, როგორიც არის Ray Ban და Oakley. კომპანია, ასევე, აწარმოებს სათვალის ჩარჩოებს Chanel-ისთვის, Giorgio Armani-ისთვის, Prada-სთვის და Versace-სთვის.
პლანეტის უმდიდრესი ადამიანების ახალი რეიტინგის მიხედვით, კლემენტე დელ ვეკიოს ქონება 3,5 მლრდ დოლარად არის შეფასებული. ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერის სტატუსი მან გერმანელ კევინ დევიდ ლემანს ჩამოართვა, რომელმაც გერმანული აფთიაქების ქსელ dm-drogerie-ში წილი მემკვიდრეობით მიიღო.
კლემენტეს მამა, ლეონარდო დელ ვეკიო, ასევე, იტალიის ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანი იყო, რომელიც 2022 წლის ზაფხულში გარდაიცვალა. მისმა მემკვიდრეებმა, შვიდმა შვილმა და ქვრივმა ჰოლდინგი, Delfin გადაინაწილეს, რომლის მეშვეობითაც ბიზნესმენი Luxottica-ში, სადაზღვევო კომპანია Generali-ში, ბანკ Mediobanca-სა და UniCredit-ში, ასევე, დეველოპერულ კომპანია Covivio-ში წილებს ფლობდა.
მაისში კლემენტე 19 წლის გახდება. Forbes USA-სთვის მამის ბიზნესში მისი რაიმე როლის შესახებ უცნობია.
საერთო ჯამში Forbes-ის ახალ რეიტინგში 30 წლის ან უმცროსი ასაკის 15 მილიარდერი შევიდა. მათგან ყველაზე მდიდარი 30 წლის მარკ მატეშიცია, რომელმაც მამის, Red Bull-ის თანადამფუძნებლის, დიტრიხ მატეშიცის გარდაცვალების შემდეგ კომპანიის 49%-იანი წილი მემკვიდრეობით მიიღო. ცოტა ხნის შემდეგ მემკვიდრემ კომპანიაში თანამდებობა დატოვა, რომ „აქციონერის როლზე მოეხდინა ფოკუსირება.“ მატეშიცის ქონება 34,7 მლრდ დოლარად არის შეფასებული.