საქართველოს ბანკი, როგორც ძლიერი ფინანსური ინსტიტუტი ბიზნესის მხარდაჭერას აქტიურად აგრძელებს. ბანკთან პარტნიორობით ვაკეში სუპერმარკეტების ქსელ „შინხოფერის“ ახალი მაღაზია 190 კვ.მ. ფართობზე გაიხსნა. პროექტის ჯამური ღირებულება 800 000 აშშ დოლარია. ბანკის ინვესტიცია კი 645 000 აშშ დოლარს შეადგენს.
კომპანია „შინხოფერი“ წლებია საქართველოს ბაზარზეა. დღეს კი, უკვე 7 ფილიალითაა წარმოდგენილი.
„საქართველოს ბანკთან უკვე 7 წელზე მეტია ვთანამშრომლობთ და მათი ფინანსური მხარდაჭერით „შინხოფერის“ არაერთი მაღაზიის გახსნა შევძელით. ჩვენს სუპერმარკეტებში წარმოდგენილია ყოველდღიური მოხმარების პროდუქტების ფართო ასორტიმენტი, დელიკატესების განსაკუთრებული კუთხე. ჩვენს მომხმარებლებს ყველა ფილიალში სწრაფი კვების კაფეებს დავახვედრებთ და მრავალფეროვან მენიუსაც შევთავაზებთ“, – აღნიშნავს კომპანია „შინხოფერის“ დამფუძნებელი, მამუკა ჯაფარიძე.
„სუპერმარკეტების ქსელი, რომელიც გახსნის დღიდან ჩვენი პარტნიორია, დღემდე ერთობლივად არაერთი წარმატებული პროექტი განვახორციელეთ. კომპანია „შინხოფერი“ გამოირჩევა მაღალი ხარისხის პროდუქციით და გასაკვირი არაა, რომ დღითი დღე მოთხოვნაც იზრდება. ჩვენთვის მნიშვნელოვანია მსგავსი პროექტების ფინანსური მხარდაჭერა, რადგან ქვეყანაში იზრდება წარმოება, იხსნება ახალი ფილიალები, იქმნება ახალი სამუშაო ადგილები, ეს კი დადებითად მოქმედებს ქვეყნის ეკონომიკაზე“, – აღნიშნავს საქართველოს ბანკის კორპორაციული საბანკო მომსახურების სექტორის უფროსი, გიორგი წეროძე.
წყარო : Bm.ge