საქართველოში მზესუმზირის ზეთი შესაძლოა, ისევ გაიაფდეს, ამის მიზეზი კი პროდუქტის მთავარ იმპორტიორ ქვეყანაში – რუსეთში საექსპორტო გადასახადის კლება გახდეს. როგორც ცნობილია, 1-ლი მაისიდან რუსულ მზესუმზირის ზეთზე საექსპორტო გადასახადი 19,8%-ით შემცირდა.
საქართველოში ზეთის მთავარი იმპორტიორი რუსეთია, ცხადია, იქ საექსპორტო გადასახადის შემცირება იმპორტის ღირებულებაზეც აისახება. შედეგად, წლის განმავლობაში საქართველოს რუსეთიდან ზეთის შემოტანა უკვე 8%-ით გაუაფდა. თუ იანვარში საქართველომ რუსეთში ერთი ტონა ზეთი 1 347 დოლარად იყიდა, მარტში ფასი 1 237 დოლარამდე შემცირდა. უფრო კონკრეტულად, 2023 წლის იანვარში რუსეთიდან განხორციელდა 2,373 მლნ დოლარის ღირებულების 1 762 ტონა ზეთის იმპორტი, მარტში კი – 3,654 მლნ დოლარის ღირებულების 2 953 ტონა.
საქართველომ 2023 წლის პირველ კვარტალში 8,477 მლნ დოლარის ღირებულების 6 510 ტონა ზეთი იყიდა (საშუალო ფასი ტონაზე 1 302 დოლარი), 2022 წლის ანალოგიურ პერიოდში კი 3,789 მლნ დოლარის ღირებულების 2 426 ტონა პროდუქტი შეიძინა (საშუალო ფასი ტონაზე 1 561 დოლარი).
2023 წლის იანვარ-მარტში საქართველოში ზეთის იმპორტი მსოფლიოს 11 ქვეყნიდან განხორციელდა. რუსული ზეთის წილი კი მთლიანი იმპორტის მოცულობაში 93,7%-ს შეადგენდა. შესაბამისად, საექსპორტო გადასახადის კლება ქართულ ბაზარზე პირდაპირპროპორციულად არა, თუმცა ნაწილობრივ მაინც აისახება.