საქართველოს ყოველი მეექვსე მოქალაქე ემიგრაციაში წასვლაზე ფიქრობს, -ინფორმაცია ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) ახალ კვლევაშია აღნიშნული.
კითხვაზე – რამდენად მოსალოდნელია, ან არ არის მოსალოდნელი, რომ მომდევნო 12 თვის განმავლობაში თქვენ სამუშაოდ საზღვარგარეთ წახვიდეთ – 15% პასუხობს, რომ მოსალოდნელია, 82% ამბობს, რომ არ არის მოსალოდნელი, ხოლო 3%-მა კითხვაზე პასუხი არ იცის.
კვლევის მიხედვით, ქვეყნის დატოვების სურვილი შედარებით მაღალია ახალგაზრდა მოქალაქეებსა და კაცებს შორის.
კვლევის მიხედვით თითქმის ყოველ მეექვსე მოქალაქეს ჰყავს უცხოეთში მცხოვრები ოჯახის წევრი, რომელიც მას ფულს რეგულარულად უგზავნის.
გამოკითხვა 2023 წლის 17-23 მარტის პერიოდში, სატელეფონო გამოკითხვის მეთოდით ჩატარდა. კვლევა მოიცავს 1,032 დასრულებულ ინტერვიუს (14% გამოპასუხება). საშუალო ცდომილების ზღვარი +/- 2% -ია.
NDI-ის კვლევა დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით ხორციელდება. კვლევა ჩატარებულია CRRC საქართველოს მიერ.